სხვა

22:51 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კილინგტონში სლალომს ორი გამარჯვებული ჰყავს

შეერთებული შტატების სამთო კურორტ კილინგტონში (შტატი ვერმონტი) გამართულ მსოფლიო თასის სლალომს, ერთდროულად ორი გამარჯვებული ჰყავს. ორი ცდის ჯამში, აბსოლუტურად ერთნაირი დრო აღმოაჩნდათ შვეიცარიელ ვენდი ჰოლდენერს და შვედ ანა სვენ ლარსონს. მამაკაცთა სუპერ გიგანტი კი, რომელსაც კანადის ლეიკ ლუისმა უმასპინძლა, გამარჯვება შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა მოიპოვა.

პირველი ცდის შემდეგ, საუკეთესო დრო ამერიკელ მიკაელა შიფრინს ჰქონდა, მაგრამ ორი ცდის ჯამში ის მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილი ავსტრიელმა კატარინა ტრუპემ დაიკავა.

ჰოლდენერმაც და სვენ ლარსონმაც კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს. შვეიცარიელს აქამდე 30 რბოლა ჰქოდა დასრულებული სამეულში, მაგრამ ერთიც არ მოეგო.

„ბოლომდე გავისარჯე. საერთო ჯამში, ყველაფერი იდეალურად დასრულდა. ჩვენ ერთად ვიზეიმებთ პირველ გამარჯვებას“, - განაცხადა ჰოლდენერმა, ვისაც პირველი ცდის შემდეგ, მეორე საუკეთესო დრო ჰქონდა.

„არ ვიცი, რა ვთქვა. ძალიან ბედნიერი ვარ. ემოციებით სავსე ვარ. ოცნება ამიხდა. რაც შემეძლო, ვიბრძოლე. სუპერ ბედნიერი ვარ“, - განაცხადა სვენ ლარსონმა, ვინც ორი ცდის ჯამში, პირველმა დააფიქსირა გამარჯვების მომტანი დრო - 1:42.97.

ბროლის დიდი გლობუსის მფლობელმა ოდერმატმა, ახალ სეზონში სუპერ გიგანტის პირველი რბოლა მოიგო. მან უკან მოიტოვა ნორვეგიელი ალეკსანდერ ომოდტ კილდ (მეორე ადგილი) და ავსტრიელი მათიას მაიერი (მესამე ადგილი).

შეჯიბრის დასაწყისშივე, მერვე გამომსვლელს, იტალიელ მაურო კავიცელს ინციდენტი შეემთხვა. მან დამცავ ბადეში დაასრულა ასპარეზობა და ერთხანს უმოძრაოდ იყო, რითაც ბევრი ანერვიულა. აღსანიშნავია, რომ მას გასულ სეზონშიც სერიოზული ინციდენტი შეემთხვა, რა დროსაც მძიმე ტრავმები მიიღო. ამჯერად ის სახეზე მცირე ჭრილობებით გადარჩა. თუმცა ვერტმფრენით ჰოსპიტალში მაინც გადაიყვანეს, რათა შემოწმება გაევლო.

ამასობაში, რბოლა კარგა ხნით შეწყდა, რაც გვიან გამომსვლელ მოთხილამურეებს შანსს უმცირებდა. მითუმეტეს, კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რამაც რბოლა უფრო მეტად გააჭიანურა. საბოლოოდ, ოდერმატმა კილდეს 0.37 წამით აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126464