ფეხბურთი

22:08 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კაზემიროს გოლით ბრაზილიის ნაკრები მერვედფინალში გავიდა

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა და მეორე გუნდი გახდა საფრანგეთის შემდეგ, რომელმაც ეს გააკეთა.

ტიტეს გუნდი შვეიცარიას დაუპირისპირდა და ძალზე მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი კაზემირომ 83-ე წუთზე გაიტანა და საკუთარ გუნდს მეორე თამაში მოაგებინა.

ზოგადად, თამაში არ გამოდგა საუკეთესო ხარისხის და მომენტები იშვიათად იქმნებოდა, მხოლოდ შვეიცარიელთა კართან, რადგან მურატი იაკინის გუნდი მხოლოდ თავის დასაცავად იყო მინდორზე და კარშიც ვერ დაარტყა. საგულისხმოა, რომ ორი თამაში ჩაატარა, მაგრამ ჯერ ერთი სეივიც არ აქვს საკუთარ აქტივში ალისონს - ეს მისი ბრალი არ არის, უბრალოდ სერბეთმა და შვეიცარიამ ბრაზილიელთა კარში დარტყმა ვერ მოახერხეს.

ისიც სათქმელია, რომ ბრაზილიის ნაკრებმა შვეიცარია მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად დაამარცხა. 1950 და 2018 წელს ეს გუნდები დაზავდნენ. „სელესაო“ მერვედფინალშია, თან უდიდესი ალბათობით, პირველი ადგილით, რადგან ბოლო ტურში კამერუნის ნაკრებს ხვდება.

აღვნიშნოთ, რომ „სელესაოს“ ნეიმარის არყოფნა ეტყობოდა, რადგან შეტევაში განსაკუთრებულად ფეერიულად ვერ ითამაშა, მაგრამ ეს ადვილი არ იყო: შვეიცარია კარგად ორგანიზებული გუნდია და თან მთელი შემადგენლობით თავს კომპაქტურად იცავდა.

G ჯგუფში მეორე ადგილის ბედი მესამე ტურში გაირკვევა. შვეიცარიას 3 ქულა აქვს და სერბეთს შეხვდება, რომლის აქტივში ერთი ქულაა. ასევე ქულა აქვს კამერუნს, მაგრამ მისი საქმე რთულადაა, რადგან ბრაზილიას ხვდება და არც მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული.

ბრაზილია - შვეიცარია 1:0 (0:0)

დოჰა, „სთედიუმ 974“

ბრაზილია (4-3-3): ალისონი; მილიტაო, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ალექს სანდრო (ტელეში 86); პაკეტა (როდრიგო 46), კაზემირო, ფრედი (ბრუნო გიმარაეში 58); რაფინია (ანტონი 73), რიშარლისონი (გაბრიელ ჯეზუსი 73), ვინისიუსი

მწვრთნელი: ტიტე

შვეიცარია (4-3-3): სომერი; ვიდმერი (ფრაი 86), აკანჯი, ელვედი, როდრიგესი; რიდერი (სტეფენი 58), ფროილერი, ჯაკა; სოუ (ებიშერი 76), ემბოლო (სეფეროვიჩი 76), ვარგასი (ფერნანდესი 58)

მწვრთნელი: მურატ იაკინი

გოლი: 1:0 კაზემირო (83)

გაფრთხილება: ფრედი (52) - რიდერი (50)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 4 (0) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ივან ბარტონი (სალვადორი)

1. ბრაზილია 2 2 0 0 3 0 3 6
2. შვეიცარია 2 1 0 1 1 1 0 3
3. კამერუნი 2 0 1 1 3 4 -1 1
4. სერბეთი 2 0 1 1 3 5 -2 1
0.120672