ფეხბურთი

17:45 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ირანის და აშშ-ის დაპირისპირება საფეხბურთო კუთხითაც საინტერესოა

მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში ჯერ-ჯერობით ყველა ადგილი ვაკანტურია. ინგლისისა და უელსის მატჩის პარალელურად, აშშ და ირანიც ითამაშებენ და მათი დაპირისპირება არანაკლებ საინტერესო იქნება.



ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი - ამ ორი სახელის ერთად ხსენება ნებისმიერ ადამიანში ძირითადად პოლიტიკურ დამოკიდებულებას თუ აღძრავს, თუმცა ამჯერად ამ ორი სახელმწიფოს გზები სპორტული კუთხით, უფრო ზუსტად კი მსოფლიო ჩემპიონატზე გადაიკვეთება და თანაც რა მნიშვნელობის მატჩში - გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე გავა, დამარცხებული კი სახლში გაემგზავრება.

ირანის ნაკრებმა მუნდიალი ცუდად დაიწყო. ძირითადი მეკარე დაშავდა, ინგლისის ნაკრებმა 6 გოლი გაუტანა, უელსს კი 97 წუთის განმავლობაში ვერ ამარცხებდა, თუმცა მოულოდნელად, მათთვის ყველაფერი სასიკეთოდ შემოტრიალდა და 2 მატჩის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის ურეალურესი შანსი გაუჩნდა. აშშ-სთან დაპირისპირება მათთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იქნება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სასწორზე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალი დევს.

ამერიკის შეერთებული შტატების ერთი შეხედვით სიმპათიურ ნაკრებს პირველ მატჩში ბევრი საყვედური ერგო, როდესაც გატანილი გოლის შემდეგ შეტევაზე ხელი აიღო და ანგარიშის შენარჩუნებაზე გადაწყვიტა თამაში. ამისთვის გუნდი დაისაჯა კიდეც. მეორე მატჩში კი ინგლისის წინააღმდეგ ამ მუნდიალზე ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენ შეხვედრაში 1 ქულა მოიპოვა - საერთო ჯამში 2 ქულა დააგროვა და პრინციპულ მეტოქესთან გადამწყვეტი მატჩის წინ ჯგუფიდან გასვლის საკმაოდ რეალური შანსი შეინარჩუნა.

სტატისტიკა

ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ ორჯერ უთამაშიათ. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აზიელებმა მოახერხეს გამარჯვება, 2000 წელს გამართული ამხანაგური მატჩი კი 1:1 დასრულდა.

ირანის ნაკრებს 1/8 ფინალში გასვლის ყველაზე რეალური შანსი წელს აქვს. აშშ-სთან წარმატების შემთხვევაში ისინი მუნდიალის ჯგუფურ ეტაპს ისტორიაში პირველად გადალახავენ.

აშშ-ის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ბოლო 2 მუნდიალზე, სადაც მონაწილეობა მიიღო, ორივეზე გადალახული აქვს ჯგუფური ეტაპი და მასპინძელი ქვეყნის სტატუსით თამაშის წინ, ზედიზედ მესამედ ეცდება 1/8 ფინალში გასვლას.

სავარაუდო შემადგენლობები

29 ნოემბერი, 23:00 საათი

დოჰა, ,,ალ ტუმამა სთეიდიუმი"

ირანი (4-3-3): ჰ. ჰოსეინი, რეზაეიანი, მ. ჰოსეინი, პურალიგანჯი, მოჰამადი, ნუროლაჰი, ეზატოლაჰი, ჰაისაფი, გოლიზადე, აზმუნი, ტარემი.

აშშ (4-3-3): ტერნერი, დესტი, ციმერმანი, რიმი, რობინსონი, ადამსი, მუსა, მაკკინი, პულიშიჩი, ვეა, ვრაითი.


0.12377