კალათბურთი

3:47 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ივიცა ზუბაჩის წარმოუდგენელი მატჩი "ინდიანასთან", "კლიპერსთან" ბითაძემაც ითამაშა

NBA-ში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ დაუპირისპირდა და 100:114 წააგო. ინდიანაპოლისელებმა განსაკუთრებით მესამე პერიოდი ჩააგდეს, რომელიც 12:23 წააგეს და საბოლოოდ მარცხი განიცადეს.

გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მხოლოდ მატჩის მიწურულს მიეცა და მთლიანობაში პარკეტზე 8 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში ქართველმა კალათბურთელმა 5 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ბითაძემ 2-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. „ინდიანაში“ ყველაზე შედეგიანი ჯალენ სმიტი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულა შესძინა.

„კლიპერსის“ შემადგენლობაში ბრწყინვალე თამაში ჩაატარა ივიცა ზუბაჩმა. ხორვატმა კალათბურთელმა 31 ქულა ჩააგდო და თან 29(!) მოხსნა დააგროვა, მათ შორის 12-ჯერ ბურთი მეტოქის ფარზე. გარდა ამისა, მას აქტივში 3 პასი და 3 დაფარებაც ჰქონდა. რა თქმა უნდა, ზუბაჩი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

25 წლის ცენტრი "კლიპერსის" შემადგენლობაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 30+ ქულა ჩააგდო, 25+ მოხსნა დააგროვა და 80%-იანი სიზუსტით ისროლა. მან 17-დან 14 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია.

„ინდიანა პეისერსი“ 11 მოგებით და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 29 ნოემბერს, სტუმრად ლოს ანჯელეს „ლეიკერსთან“ გამართავს.

0.115683