ფეხბურთი

18:02 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რამდენად ვარგისია VAR-ი

მოდით დასაწყისშივე შევთანხმდეთ, რომ თანამედროვეობის საჩუქარი, რომელსაც VAR სისტემად უხმობენ, ძალიან კარგი რამაა და ფეხბურთში არსებული ბევრი პრობლემა გადაწყვიტა. მარტო ის რად ღირს, რომ თითქმის ნოლამდე დავიდა არგასული გოლების ჩათვლის შემთხვევები და ამის გამო სამართლიანად აწიოკებული ქომაგების რიცხვიც შესამჩნევად შემცირდა. ისიც კარგია, რომ როგორც იქნა მსაჯებსაც შეაქვთ ეჭვი თავიანთ გადაწყვეტილებებში, საეჭვო მომენტებს ხელახლა ნახულობენ და შეცდომით დასტვენილის „უკან ამოსტვენასაც“ ცდილობენ.

თუკი VAR-ის სიკეთეებზე ვთანხმდებით, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატმა ძალიან კარგად გამოავლინა ამ სისტემის მთელი რიგი ნაკლოვანებანი, რომელთა გამოსწორება და აღმოფხვრა პრინციპში შესაძლებელია თუკი „ზემოდან“ საამისო სურვილი იქნება.

არ ვიცი მაინცდამაინც მუნდიალზე რატომ მოხდა ისე, რომ მსაჯის თითქმის ყველა გადაწყვეტილებას ფეხბურთელების მივარდნა, პროტესტი და ხმაური მოსდევს. საკლუბო პირველობებზე დიდი ხანია ეს სისტემა არსებობს, მაგრამ აქამდე ასე მასიურად არ ხდებოდა რომ მსაჯის ნებისმიერი გადაწყვეტილება გაპროტესტებულიყო და ფეხბურთელები ყველა საკამათო მომენტის ხელახლა გადამოწმებას ითხოვდნენ. მსჯელობისა და კამათის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ საფეხბურთო მატჩი პოლიტიკური ტრიბუნა არაა, ოპონენტის ნებისმიერ ქმედებაზე რეაქცია რომ გქონდეს. ამ ძიძგილაობასა და კამათში გადის დრო, ვარდება ტემპი, გვეწიწკნება ნერვები და საბოლოოდ ისევ და ისევ ფეხბურთი ზარალდება.

ამას გარდა, ხსენებული VAR-ის სისტემამ აჩვენა, რომ იდეალური არც მილიმეტრების დონეზე განსაზღვრული პროგრამაა, რადგან პროგრამა ვერასოდეს გაითვალისწინებს მთელს რიგ ადამიანურ ფაქტორებს, რაც კარგმა მსაჯმა მატჩის კონტექსტიდან გამომდინარე უნდა იცოდეს, უნდა გრძნობდეს და ესმოდეს. მაგალითად, როდესაც უელსის ნაკრებთან შეხვედრაში ირანს გოლს უუქმებ იმის გამო, რომ სპარსთა თავდამსხმელს მოწინააღმდეგის მცველზე წინ არა მთლიანად ფეხი, არამედ მოხრილი მუხლის წვერი ჰქონდა სულ ოდნავ გაშვერილი, შეიძლება მსაჯიც და კომპიუტერული სისტემაც ფეხბურთის წესებთან მართალი იყოს, მაგრამ რა ფასი აქვს ასეთ წესებს, რომელიც რაღაც მომენტში უსამართლობას ემყარება? ან თუკი კრიშტიანუ რონალდუზე სულ ოდნავი შეხება პენალტით ისჯება, რატომ არ იდება პენალტი მაშინ, როდესაც პორტუგალიელი მცველი განელ ოპონენტს ფეხში აშკარად და ყველას დასანახად ურტყამს? ეს როგორი და სადაური წესია?

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთლიანობაში ზემოდასახელებული სისტემა თანამედროვე პროგრესის ნაწილია და პროგრესი ცუდი არასოდროს არაა, მავანმა რეტროგრადებმა რაც არ უნდა იძახონ. არც ისაა ცუდი, რომ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოები ფეხათრევით, თუმცა მაინც ცდილობენ თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობას. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ქომაგი საუბრობს VAR-ის ნაკლოვანებებზე და ეს ის ხალხია, რომლებსაც ფეხბურთის ცქერაზე ჯერ კიდევ არ ჩაუქნევიათ ხელი მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ფიფა-უეფამ ამ ბოლო წლებში მათი არასწორი პოლიტიკით „მოახერხეს“.

მუნდიალის ძირითადი პერიპეტიები ჯერ კიდევ წინაა და არავინ იცის, კიდევ რა სიახლეს და უცნაურობას შემოგვთავაზებს ეს ჩვენი ტკბილ-მწარე VAR-ი, რომელიც ნიჭიერი მაგრამ ცუღლუტი მოსწავლესავით რა დროს „იმაიმუნებს“ და გიმტყუნებს, კაცმა არ იცის.

0.118898