ბრაზილიის ნაკრებმა პირველ ტურში შესანიშნავად ითამაშა და მეორე ტურში უკვე შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც კამერუნთან მძიმედ, მაგრამ მაინც მოიგო.
ბრაზილია ტურნირის მთავარ ფავორიტად მიიჩნევა და პირველი თამაშიც შესაბამისი ჰქონდა, მაგრამ ვნახოთ რა იქნება ამჯერად, როცა გუნდს ლიდერი ნეიმარი გამოაკლდა. მას ტრავმა აქვს და ჯგუფურ ეტაპზე ნამდვილად ვერ ითამაშებს. ნეიმარს სავარაუდოდ ფრედი შეცვლის, რაც ტაქტიკის შეცვლას გამოიწვევს. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმად, ძირითადში როდრიგო გამოჩნდება. ნეიმარის გარდა, „სელესაოს“ მარჯვენა მცველი დანილოც დააკლდება, მის ნაცვლად ედერ მილიტაოს ელოდებიან, მაგრამ არც დანი ალვეშის თამაში უნდა გამოირიცხოს, რომელსაც მუნდიალზე 2014 წლის შემდეგ არ უთამაშია.
შვეიცარიის ნაკრებმა კამერუნი ბრილ ემბოლოს გოლით დაამარცხა, მაგრამ ლამაზად არ უთამაშია. ზოგადად, მურატ იაკინის გუნდი შედეგზე ორიენტირებული და პრაგმატული გუნდია, თუმცა, რა შანსი ექნება ბრაზილიასთან - თამაშში უნდა გამოჩნდეს. სხვათა შორის, ეს გუნდები წინა მუნდიალზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ ევროპელებმა არ წააგეს - ფრე 1:1.
ვინაიდან, პირველ ტურში ორივემ მოიგო, გამარჯვებული მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს, ხოლო დამარცხებული შანსს მაინც შეინარჩუნებს და ბოლო ტურში მოუწევს პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლა.
სტატისტიკა
ბრაზილია ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი არასდროს გამოუტოვებია და ტურნირიც ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ მოიგო. თუმცა, „სელესაოს“ ბოლო ტრიუმფი 2002 წლით თარიღდება და მას შემდეგ ბრაზილიის ნაკრები სამჯერ მეოთხედფინალში გავარდა (2006, 2010, 2018) და ერთხელ მეოთხე ადგილს დასჯერდა (2014).
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 1998 წლის შემდეგ არ დამარცხებულა (16 თამაში), როცა ნორვეგიასთან 1:2 წააგო.
შვეიცარიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-12-ედ თამაშობს, მათ შორის, ზედიზედ მეხუთედ. ბოლოს მათ მუნდიალზე გასვლა 2002 წელს ვერ მოახერხეს.
შვეიცარიელთა საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალია, რომელიც 1934, 1938 და 1954 წლებში აჩვენეს.
შვეიცარია ერთადერთი ნაკრებია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატს ისე გამოეთიშა, რომ გოლი არ გაუშვია. ეს 2006 წელს მოხდა, როცა კობი კუნის მაშინდელმა გუნდმა მერვედფინალში უკრაინასთან პენალტებში წააგო, მაგრამ ტურნირზე 4 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.
ბრაზილია და შვეიცარია ერთმანეთს 9-ჯერ შეხვედრიან, მცირე უპირატესობა სამხრეთამერიკელებს აქვთ: 3 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ისინი მესამედ დაუპირისპირდებიან. პირველად მათი გზები სწორედ მუნდიალზე, 1950 წელს გადაიკვეთა და მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო ბოლოს 4 წლის წინ ისევ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვდნენ და კვლავ ფრე დაფიქსირდა - 1:1. შუალედში ერთმანეთთან 7 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს.
სავარაუდო შემადგენლობები
28 ნოემბერი, 20:00 საათი
დოჰა, „სთედიუმ 974“
ბრაზილია (4-3-3): ალისონი; მილიტაო, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ალექს სანდრო; კაზემირო, ფრედი, პაკეტა; რაფინია, რიშარლისონი, ვინისიუსი
შვეიცარია (4-3-3): სომერი; ვიდმერი, აკანჯი, ელვედი, როდრიგესი; ფროილერი, ჯაკა, სოუ; შაქირი, ემბოლო, ვარგასი