ფეხბურთი

14:48 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთ კორეა და განა პირველ გამარჯვებას გეგმავენ

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში H ჯგუფში სამხრეთ კორეისა და განის ნაკრებები შეხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ფურცელზე ორივე გუნდი ჯგუფის აუტსაიდერად განიხილება, პირველ ტურში ორივემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა იმის მიუხედავად, რომ ვერცერთმა მოიგო.

განის ნაკრებმა პორტუგალიას დიდი ბრძოლა გაუმართა და 2:3 წააგო, მაგრამ ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიასთან მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო იყო განელთა მთავარი მწვრთნელი ოტო ადო.

სამხრეთ კორეის ნაკრებმა ურუგვაის არაფერი დაუთმო და დამსახურებული ქულა მოიპოვა (0:0). თუმცა, ახლა აზიელებსა და აფრიკელებსაც 3 ქულისთვის თამაში მოუწევთ, რადგან თუ ჯგუფიდან გასვლა უნდათ, ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია.

სტატისტიკა

სამხრეთ კორეა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 1954 წელს გამოჩნდა. შემდეგ იყო ძალიან დიდი პაუზა და აზიელები ტურნირს 1986-ში დაბრუნდნენ და მას მერე არცერთი მუნდიალი არ გამოუტოვებიათ. მათ 2002 წელს იაპონიასთან ერთად ტურნირის მასპინძლობა და მასში მე-4 ადგილის დაკავებაც კი მოახერხეს. სამხრეთ კორეა ჯგუფიდან 2010 წელსაც გავიდა, მაგრამ მერვედფინალში ურუგვაისთან დამარცხდა.

განა 2010 წელს ძალიან ახლოს იყო სენსაციასთან, თუმცა ლუის სუარესის ის ცნობილი მომენტი, როდესაც ცარიელი კარიდან ხელით გამოიტანა ბურთი, ასამოა გიანმა კი პენალტი ვერ გამოიყენა დღემდე მოჩვენებასავით გასდევთ აფრიკელებს. ეს მათი მე-4 მუნდიალია, 8-წლიანი პაუზის შემდეგ კი პირველი.

სამხრეთ კორეისა და განის ნაკრებები ერთმანეთს 9-ჯერ შეხვედრიან და სრული თანაფარდობაა - 4-4 მოგება/წაგება და 1 ფრე. ბოლოს ისინი 2014 წელს დაუპირისპირდნენ და აფრიკელებმა 4:0 იმარჯვეს.

სავარაუდო შემადგენლობები

28 ნოემბერი, 20:00 საათი

ალ რაიანი, „ედუქეიშენ სითი სთედიუმი“

სამხრეთ კორეა (4-2-3-1): სეუნ-გიუ; კიმ მუნ-ჰვანი, კიმ მინ-ჯე, კიმ იუნ-გვონი, კიმ ჯინ-სუ; იუნი, ინ-ბომი; ნა, ლი, სონი; უი-ჩო

განა (4-2-3-1): ალტი ზიგი; სეიდუ, ამარტი, ჯიკუ, ბაბა; პარტეი, აბდულ სამედი; ბუკარი, კუდუსი, ა. აიუ; უილიამსი

0.116208