არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ მექსიკასთან გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მოგება აუცილებელი იყო დასამშვიდებლად და ახლა არგენტინისთვის სხვა მუნდიალი დაიწყო.
„უნდა მოგვეგო, რომ საკუთარი თავი დაგვემშვიდებინა. ძალიან რთული თამაში იყო, რადგან მექსიკა კარგად თამაშობს. მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. პირველ ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა, მაღალი ინტენსივობით. მეორე ტაიმში, როცა დავმშვიდდით და გოლი გავიტანეთ, ისეთები გავხდით, როგორებიც ვართ.
პირველი თამაშის წაგება ძვირი დაგვიჯდა, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან ბევრი ფეხბურთელისთვის ეს პირველი მუნდიალია, განრიგი და ა.შ, ბევრი ფაქტორია. ეს არ არის საბაბი, მაგრამ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა. რამდენიმე სანტიმეტრის გამო ანგარიში 2:0 რომ გაგვეხადა, სრულიად განსხვავებული თამაში იქნებოდა.
ვიცოდით, რომ დღეს უნდა მოგვეგო, რადგან ჩვენთვის სხვა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყებოდა და ეს შევძელით. ახლა არ უნდა მოვდუნდეთ. წინ ყველა თამაში ფინალია და შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს“, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრებს ორ ტურში 3 ქულა აქვს და მესამე მატჩს პოლონეთის ნაკრებთან 30 ნოემბერს ჩაატარებს.