ფორმულა 1-ის კალენდარში რბოლების რიცხვი განუხრელად იზრდება. მომავალი სეზონის კალენდარში 24 ეტაპია შეტანილი. არადა, ამ საუკუნის დასაწყისში არავინ ფიქრობდა, რომ რბოლების რიცხვი 16-17-ს ასცდებოდა. ლაპარაკი არაა პირველ სეზონებზე, როდესაც კალენდარში მხოლოდ 8 ეტაპი შედიოდა.
მაგრამ ლოჯისტიკის განვითარებამ და კომერციალზაციამ, თავისი შედეგი მოიტანა - მომავალ სეზონში პრაქტიკულად ყოველ მეორე უქმეებზე რბოლა ჩატარდება. ეს ბევრ პრობლემას უქმნის გუნდებსაც და პილოტებსაც, რომლებსაც საკუთარ ცხოვრებაზე უარის თქმა უწევთ და დასასვენებლად და პირადი ცხოვრებისთვის, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი დღეები რჩებათ.
დანიელ რიკარდომ განაცხადა, რომ სწორედ გადატვირთული სეზონი იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ პაუზას აკეთებს და „რედ ბულში“ მხოლოდ მესამე პილოტის როლში გადავა. თავისუფალი დროის არქონამ, მისი მოტივაცია დააზარალა და ახლა ის სწორედ სულის მოთქმას და ფ1-ში შემდეგ დაბრუნებას აპირებს.
თუმცა, მაქს ფერსტაპენს რბოლებისადმი სულ სხვა დამოკიდებულება აქვს. ის ამბობს, რომ შარშანდელ სეზონში, გამარჯვებას იმის ხარჯზე მიაღწია, რომ გრძელი სეზონი მისთვის დამატებითი სტრესის მიზეზი არ გახდა.
„ვინც სირთულეებისთვის მზად არაა, უმჯობესი იქნება, თუ დროზე გაჩერდება. ჩვენ ყველანი მრბოლები ვართ და რბოლები გვიყვარს. მე შარშანდელი სეზონიც მომეწონა და წლევანდელიც. რა თქმა უნდა, შარშანდელივით, ყოველ რბოლაში დაძაბული პაექრობა ძნელი გასაძლები იქნებოდა. მაგრამ ფ1-ში ასე ხშირად არ ხდება. მოკლედ, ყველაფერი კარგადაა“, - ამბობს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი
ის დასძენს, რომ ყოველი სეზონი შარშანდელივით დრამით არ დასრულდება: „ეს ჩემთვისაც და გუნდისთვისაც, ყველა სხვა გუნდისთვისაც მეტისმეტი იქნებოდა“.