ძიუდო

23:38 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქართული გუნდების ოქრო და ბრინჯაო გორში გამართულ ჩემპიონთა ლიგაზე

გორში დასრულდა ძიუდოში ევროპის უძლიერესი საკლუბო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, რომელშიც სამი ქართული გუნდი მონაწილეობდა და ორმა მედალი მოიპოვა - ოქრო და ბრინჯაო.

ჩემპიონთა ლიგაზე „გოლდენ გორი“, „არეა“ და „მებრძოლი“ გამოდიოდნენ და ბრინჯაოს მედლისთვის სწორედ ქართული დაპირისპირება შედგა, რომელშიც გამარჯვება „გოლდენ გორმა“ 3:2 მოიპოვა და გადამწყვეტი ბრძოლა ლუკა მაისურაძემ ნიკა ხარაზიშვილის წინააღმდეგ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილმა („გოლდენ გორი“) მოულოდნელად ახალგაზრდა ვახტანგ პავლიაშვილთან 7-წუთიან ბრძოლაში მარცხი განიცადა.

ფინალში ქართული „მებრძოლი“ სერბულ „რედ სტარს“ დაუპირისპირდა და ქართველებმა 3:2 მოიგეს. ფინალში გადამწყვეტი ბრძოლა ტატო გრიგალაშვილმა საიდ მოლაეისთან მოიგო და „მებრძოლი“ ოქროს მედალს დაეუფლა.

აქვე ვთქვათ, რომ წლევანდელი ტურნირი შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას მიეძღვნა და მასში 25 ქვეყნის 143 ძიუდოისტი მონაწილეობდა, მათ შორის ლეგენდარული ტედი რინერი, რომელიც „პარი სენ ჟერმენის“ რიგებში ასპარეზობდა. რინერს გურამ თუშიშვილი შეხვდა და ქართველმა მესამე ცდაზე ლეგენდარული ფრანგის დამარცხება მოახერხა და მის წინააღმდეგ პირველად იმარჯვა.

0.127633