ჩოგბურთი

23:12 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალია დევისის თასის ფინალში გავიდა

დევისის თასის გათამაშების ნახევარფინალში, რომელსაც ესპანეთის მალაგა მასპინძლობს, ავსტრალიამ ხორვატია 2-1 დაამარცხა და ბოლო 19 წელიწადში პირველად იბრძოლებს თასისთვის. მისი მეტოქე კანადასა და იტალიას შორის გამარჯვებული იქნება.

მესამე შეხვედრაში ავსტრალიელებმა, მაქს პარსელმა და ჯორდან ტომპსონმა 6-7(3), 7-5, 6-4 დაამარცხეს მატე პავიჩი და ნიკოლა მეკტიჩი, რომლებსაც შარშან უიმბლდონის წყვილთა ტურნირი აქვთ მოგებული. ამ ორი წყვილის დაპირისპირება წლევანდელი უიმბლდონის ფინალშიც შედგა და მაშინაც ავსტრალიელებმა მოიგეს. შეხვედრის განმავლობაში, ავსტრალიელთა კაპიტანმა ლეიტონ ჰიუიტმა ტომპსონი მეტიუ ებდენით შეცვალა.

პირველი სეტი ხორვატებმა ტაიბრეიკზე მოიგეს და მეორე სეტიც კარგა ხანს თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მაგრამ მე-11 გეიმში პარსელმა და ტომპსონმა ბრეიკის აღება შეძლეს და 6-5 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ კი საკუთარ მოწოდებაზე მოიგეს გეიმი და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

ავსტრალიელებმა გადამწყვეტი სეტის მეშვიდე გეიმშიც შეძლეს მეტოქის მოწოდებაზე მოგება და 4-3 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ, საკუთარ გეიმებზე უშეცდომოდ ითამაშეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ავსტრალია დევისის თასის ფინალში ბოლოს 2003 წელს გავიდა და პრესტიჟული ტურნირის თასი 28-ედ მოიპოვა.

ერთეულების პირველ შეხვედრაში, ბორნა ჩორიჩმა თანასი კოკინაკისი 6-4, 6-3 დაამარცხა, მერე კი ალექს დე მინორმა 6-2, 6-2 მოუგო მარინ ჩილიჩს და საქმე წყვილებამდე მიიყვანა.მაქს პარსელი,

0.118012