ფეხბურთი

22:42 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "გერმანია ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების გვჯერა"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გერმანიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, გერმანიის სათამაშო სტილი ესპანეთს ყველაზე მეტად ჰგავს, რადგან მათაც შეტევაში თამაში და ბურთის ფლობა მოსწონთ.

„გერმანიის ნაკრები ესპანეთს ყველაზე მეტად ჰგავს. ყოველთვის შეტევაში თამაშობს, ცდილობს მეტოქის ნახევარზე პრესინგი ითამაშოს, ბურთს ფლობდეს. ეს არის გუნდი, რომელიც ესპანეთს ყველაზე მეტად ჰგავს და ამიტომ, ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. გახსნილი მატჩი იქნება და ვნახოთ ვინ მოიგებს. გერმანია მსოფლიოს ჩემპიონია და მქონდა გამოცდილება 1994 წელს მათ წინააღმდეგ მეთამაშა. ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან, არავინ იცის დინამიკის შეცვლა ისე, როგორც გერმანიამ. დიდი ისტორიის ნაკრებია, რომელსაც საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვართ და გამარჯვება გვინდა.

ამ თამაშს მხოლოდ 3-ქულიანი მნიშვნელობა აქვს, არ არის საჭირო ზედმეტი თავდაჯერება და ეიფორია. ძირითადი შემადგენლობა ჯერ შერჩეული არ მყავს, გადაწყვეტილებას ვარჯიშზე ნანახის შესაბამისად ვიღებ. ფორვარდის გარეშე თამაში? არჩევანს მეტოქიდან გამომდინარე არ ვაკეთებ, მხოლოდ ჩემს გუნდზე ვფიქრობ. ბურთს, რაც შეიძლება დიდხანს უნდა ვფლობდეთ, რომ გერმანელი ფეხბურთელები უბურთოდ იყვნენ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებთა მატჩი 27 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. პირველი ტურის შემდეგ „ფურია როხას“ 3 ქულა აქვს, ხოლო „ბუნდესნაკრები“ იაპონიასთან დამარცხდა.

0.11756