ფეხბურთი

15:59 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ვერ მოიგო: საქართველოს ჩემპიონს ბოლო ტური გამოავლენს

საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის ჩემპიონი ბოლო ტურმა უნდა გამოავლინოს. მანამდე კი, 35-ე ტური გაიმართა და ლიდერებს შორის სამქულიანი სხვაობა უკვე მხოლოდ ერთი ქულამდე შემცირდა.

„დინამო თბილისმა“ ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრე და ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ეგ კი არა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მარცხს გადაურჩა, თორემ ლიდერობას დაკარგავდა. „დინამო“ წყალტუბოში, „სამგურალთან“ აგებდა, რადგან 21-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ ანგარიში გახსნა, 56-ე წუთზე კი ულად-ომარ იმრანმა გაათანაბრა და საკუთარი გუნდი პირველ ადგილზე დატოვა. თუმცა, მხოლოდ მას არ მიუძღვის ამაში ყველაზე დიდი წვლილი. მეკარესაც, ლუკა კუტალაძემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე ორი სეივი მიითვალა, მათ შორის, ერთხელ ფანტასტიკურ სტილში და „დინამო“ გადაარჩინა. ბოლოს იყო საკამათო ეპიზოდიც, როცა „სამგურალი“ პენალტს საჯარიმოში ხელით თამაშის გამო ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ, „დინამო თბილისი“ 77 ქულით ლიდერია და ბოლო ტურში შინ „გაგრას“ თუ დაამარცხებს, ჩემპიონი ისტორიაში მე-19-ედ გახდება.

თბილისური გუნდის ქულების დაკარგვით „დინამო ბათუმმა“ წინა ტურისგან განსხვავებით, ამჯერად ისარგებლა და „გაგრა“ 4:1 დაამარცხა. გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და ლამაზი გოლებიც გაიტანა. თუმცა, ბათუმელების ხელში მაინც დიდი არაფერია ხელჩასაჭიდი და ბოლო ტურში სწორედ „გაგრას“ იმედი უნდა ჰქონდეს, რომელიც „დინამო თბილისს“ ესტუმრება, ხოლო თვითონ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუხვდება. ბათუმელები თბილისელებს ერთადერთი ქულით ჩამორჩებიან.

თავის მხრივ, „ტორპედომ“ ბოლნისის „სიონი“ 3:0 დაამარცხა, მაგრამ სამეულში მოხვედრის შანსი დაკარგა, მიუხედავად ამისა, კახა ჩხეტიანის გუნდს კონფერენს ლიგაზე გასვლის კარგი შანსი აქვს, რადგან საქართველოს თასის ფინალში 7 დეკემბერს, „ლოკომოტივის“ მეორე გუნდს შეხვდება და ეცდება მიზანს მიაღწიოს, თან სეზონი ტიტულით დაასრულოს.

კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძვის გორის „დილაც“, რომელმაც „თელავთან“ მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგა - არადა, ანდრეი დემჩენკოს გუნდი იგებდა და ახლოს იყო სამ ქულასთან. „დილა“ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ მაინც მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული, რადგან ბოლო ტურში კონკურენტ „სამგურალს“ მასპინძლობს, რომელსაც ერთადერთი ქულით ჩამორჩება და თუ დაამარცხებს, მესამე ადგილზე გადავა, თავის მხრივ, „სამგურალს“ ქულაც ჰყოფნის ევროსარბიელზე გასასვლელად.

„სამგურალი“ – „დინამო თბილისი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ნიქაბაძე (21), 1:1 იმრანი (56)

„გაგრა“ – „დინამო ბათუმი“ 1:4 (0:2)

გოლები: 0:1 ჯიღაური (24), 0:2 ჯოვინო (42), 0:3 ჯიღაური (60), 1:3 ნოზაძე (62), 1:4 ვაწაძე (85)

„ტორპედო“ – „სიონი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 მანჯგალაძე (24), 2:0 ახვლედიანი (84), 3:0 კუხიანიძე (84)

„თელავი“ – „დილა“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბერიაშვილი (14, ა.გ), 1:1 მუჯირი (77)

„ლოკომოტივი“ – „საბურთალო“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ტაბატაძე (88)

1. დინამო თბილისი 35 23 8 4 71 28 43 77
2. დინამო ბათუმი 35 23 7 5 85 32 53 76
3. სამგურალი 35 15 12 8 55 41 14 57
4. დილა 35 16 8 11 45 35 10 56
5. ტორპედო 35 15 8 12 46 46 0 53
6. საბურთალო 35 13 8 14 51 48 3 47
7. თელავი 35 7 15 13 28 36 -8 36
8. გაგრა 35 9 9 17 35 55 -20 36
9. სიონი 35 7 12 16 33 58 -25 33
10. ლოკომოტივი 35 1 5 29 26 96 -70 8

36-ე ტური, 3 დეკემბერი

„საბურთალო“ – „თელავი“
„დინამო ბათუმი“ – „ტორპედო“
„დილა“ – „სამგურალი“
„სიონი“ – „ლოკომოტივი“
„დინამო თბილისი“ – „გაგრა“

0.10593