ფეხბურთი

15:25 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიას და კანადას შეცდომის უფლება არ აქვთ

მსოფლიოს ჩემპიონატის F ჯგუფის მეორე ტურში ხორვატიისა და კანადის ნაკრებები შეხვდებიან, წაგების უფლება კი არცერთ გუნდს არ აქვს.

პირველ ტურში ხორვატიის ნაკრებმა მაროკოს ვერაფერი დააკლო (0:0), არა მარტო შედეგობრივად, არამედ თამაშის თვალსაზრისითაც. მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი არცთუ დამაჯერებელი იყო და ბევრი კითხვა გააჩინა. ზოგადად, აშკარაა, რომ ხორვატიის ნაკრებში გარკვეულწილად თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და ეს არ არის იმ დონის გუნდი, რაც 4 წლის იყო. მიუხედავად ამისა, ნახევარდაცვის ხაზი ძალიან სოლიდურია და ამის ხარჯზე უნდა ეცადოს ზლატკო დალიჩის გუნდი წარმატების მიღწევას. ვინაიდან ხორვატია ბოლო ტურში ბელგიას ხვდება, კანადასთან მარცხის უფლება არ აქვს და ჯგუფში შექმნილ ვითარებასაც თუ გადავხედავთ, 4 ქულა საკმარისი შესაძლოა არ გამოდგეს. ამდენად, მიზანი ახლა მხოლოდ 3 ქულის მოპოვება უნდა იყოს.

კანადის ნაკრებმა კი ფავორიტ ბელგიასთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა. კანადელებმა ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, მათ შორის პენალტი და გარდა ამისა, ორი აშკარა პენალტიც არ დაუნიშნეს, ხოლო გოლი პრაქტიკულად ერთადერთი შეტევისგან გაუშვეს. ვინაიდან პირველ ტურში უქულოდ დარჩა, ახლაც რომ წააგოს, ყველანაირ შანსს დაკარგავს, ამდენად, მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა გავიდეს.

ხორვატიის ნაკრებში წინა მატჩთან შედარებით ერთი ცვლილებაა მოსალოდნელი და ტრავმირებულ ნიკოლა ვლაშიჩს მარიო პაშალიჩი შეცვლის. კანადის ნაკრბეში კი ჯუნიორ ჰოილეტის მაგივრად სასტარტოში ლაის ლარინი უნდა იყოს.

სტატისტიკა

ხორვატიის ნაკრები მუნდიალზე მეექვსედ თამაშობს. 1998 წლიდან მოყოლებული, როცა ხორვატებმა მესამე ადგილი დაიკავეს, მხოლოდ 2010 წელს ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი ხორვატიის გარეშე. წინა 5 შემთხვევიდან 3-ჯერ ხორვატია ჯგუფში ჩარჩა (2002, 2006, 2014), ორჯერ კი ჯგუფიდან გავიდა და ერთხელ ვერცხლის მედლები მოიპოვა (2018), ერთხელაც ბრინჯაოს (1998).

კანადის ნაკრები მუნდიალზე მეორედაა და 1986 წელს, ჯგუფში სამივე მატჩი წააგო. ვინაიდან, ახლაც პირველ ტურში დამარცხდა, გამოდის, რომ მუნდიალზე ქულა არასდროს მოუპოვებია. ეგ კი არა, გოლიც არ აქვს გატანილი.

ხორვატიისა და კანადის ნაკრებები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

27 ნოემბერი, 20:00 საათი

დოჰა, „ხალიფა სთედიუმი“

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარიოლი, სოსა; მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი; პაშალიჩი, კრამარიჩი, პერიშიჩი

კანადა (5-4-1): ბორიანი, ლარიეა, ჯონსტონი, ვიტორია, მილერი, დევისი; ბიუკანენი, ჰატჩინსონი, ეუშტაკიო, ლარინი; დავიდი

0.118833