ფეხბურთი

14:53 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბელგია კანადასთან გაჩენილი ეჭვების გაქარწყლებას მაროკოსთან ეცდება

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები F ჯგუფშიც გაიმართება და ერთ-ერთი შეხვედრა დოჰაში, ბელგიისა და მაროკოს ნაკრებების წინააღმდეგ შედგება.

პირველ ტურში ბელგიამ მოიგო, თუმცა ძალიან მძიმედ და ბევრის მოსაზრებით - დაუმსახურებლად. ბელგიელებმა კანადასთან კარგად ნამდვილად ვერ ითამაშეს და ტიბო კურტუამ ჯერ კიდევ 0:0-ზე პენალტი მოიგერია, ხოლო შემდეგ მსაჯი ორჯერ შეცდა, როცა ბელგიის კარის მიმართულებით პენალტები არ დანიშნა. ასე რომ, რობერტო მარტინესის გუნდს თამაშის ხარისხი გამოსასწორებელი აქვს.

თავის მხრივ, მაროკოსაც პირველ ტურში იდეალური შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და ხორვატიასთან უგოლო ფრეს დასჯერდა. აფრიკელებისთვის ეს მაინც დადებითად შედეგად უნდა შეფასდეს, მაგრამ ვინაიდან ჯგუფი ძალიან კონკურენტუნარიანია, მაროკოს მერვედფინალში გასვლისთვის უფრო მეტის გაკეთება მართებს. სხვათა შორის, მცირე ტრავმები აქვთ აშრაფ ჰაკიმისა და ნუსაირ მაზრაუის, რომლებმაც შეიძლება ვერ ითამაშონ, ყველაფერი თამაშის დღეს გადაწყდება.

თუ მათი ტრავმა სერიოზული არ გამოდგება, მაროკო იდენტური შემადგენლობით ითამაშებს, რითაც ხორვატიას დაუპირისპირდა, ხოლო ბელგიის ნაკრებში სასტარტოში ელოდებიან ამადუ ონანასა და ტომა მუნიეს გამოჩენას, რომლებიც კანადასთან თადარიგში იყვნენ. თავის მხრივ, რომელუ ლუკაკუმ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ის ჯერ 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა და სავარაუდოდ, თადარიგში იქნება.

სტატისტიკა

ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-14-ედ მონაწილეობს და საუკეთესო შედეგი წინა მუნდიალზე აჩვენა, როცა მესამე ადგილი დაიკავა. წარმატებული იყო 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიც, როცა მეოთხე ადგილზე გავიდა. სხვა შემთხვევაში ბელგიელები ოთხეულში არ მოხვედრილან.

ბელგიის ნაკრებმა კანადასთან მოგებამდე ბოლო ორი ამხანაგური მატჩი ნიდერლანდებისა და ეგვიპტის წინააღმდეგ წააგო.

მაროკოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს მეექვსე გამოჩენაა და წინა 5 შემთხვევიდან ჯგუფიდან მხოლოდ ერთხელ, 1986 წელს გავიდა. 4 წლის წინ აფრიკელებმა ჯგუფში 1 ქულა მოიპოვეს.

მაროკო პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა მოახერხა - 1986 წელს.

მაროკომ სულ 17 მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე, საიდანაც ორი მოიგო, ექვსჯერ ფრე ითამაშა და ცხრა წააგო. მაროკოს ნაკრებმა ორივე გამარჯვება მოიპოვა ევროპულ მეტოქეებთან - პორტუგალიასა და შოტლანდიასთან.

ბელგიისა და მაროკოს ნაკრებები ერთმანეთს 3-ჯერ შეხვედრიან და ორჯერ ევროპელებმა მოიგეს. მაროკომ ბელგია 2008 წელს ამხანაგურ მატჩში 4:1 დაამარცხა, 1999 წელს ასევე სპარინგში ბელგიელებმა 4:0 მოიგეს, ხოლო მათი გზა პირველად 1994 წელს, სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა და გამარჯვება ბელგიას დარჩა - 1:0.

სავარაუდო შემადგენლობები

27 ნოემბერი, 17:00 საათი

დოჰა, „ალ თუმამა სთედიუმი“

ბელგია (3-4-2-1): კურტუა; ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დენდოკერი; მუნიე, ონანა, ვიტსელი, კარასკო; დე ბრუინი, ე. აზარი; ბატშუაი

მაროკო (4-3-3): ბონო; ჰაკიმი, აგერდი, საისი, მაზრაუი; უნაჰი, აბრაბატი, ამალა; ზიეში, ენ-ნესირი, ბუფალი

0.120462