ფეხბურთი

0:23 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ სკალონი: "მესი კარგადაა, ფიზიკურადაც და მორალურადაც"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მექსიკასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვანი თამაშის წინ ისაუბრა. არგენტინელმა სპეციალისტმა საუდის არაბეთთან მატჩთან შედარებით შემადგენლობაში ცვლილებები დააანონსა.

„არ ვიცი, საიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ მესიმ გუშინ არ ივარჯიშა. ის კარგადაა და როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ყველას, თანაგუნდელებსაც. ეჭვი არ გვეპარება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ფიზიკურადაც კარგადაა და მორალურადაც, პრობლემა არ არსებობს.

შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, მაგრამ სათამაშო სტილის შეცვლას არ ვაპირებთ იმის გამო, რაც სამშაბათს მოხდა. ეს ფეხბურთია, წაგება შესაძლებელია, მაგრამ მთავარია ფეხზე როგორ წამოდგები. სამწუხაროა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წავაგეთ, მაგრამ მშვიდად ვართ, გუნდს თანადგომა მაშინ სჭირდება, როცა რთული მომენტი აქვს. დარწმუნებული ვარ, ვინც მოედანზე გავა, ყველა ბოლომდე იბრძოლებს, რადგან ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ვიცით, რომ ჩვენს უკან მთელი ქვეყანაა“, - თქვა სკალონიმ.

შეგახსენებთ, არგენტინისა და მექსიკის ნაკრებთა მატჩი 26 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.115669