საუდის არაბეთის ნაკრებმა ისტორია დაწერა და არგენტინის ნაკრებთან გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზა. ბუნებრივია, ამ მოგების შემდეგ აზიელებს ჯგუფიდან გასვლის პრეტენზია გაუჩნდათ - რატომაც არა?
საუდის არაბეთის ნაკრებმა არგენტინასთან შესანიშნავი თამაში აჩვენა, განსაკუთრებით დაცვაში და მეტოქე ხელოვნურ თამაშგარეში არაერთხელ გამოიჭირა. შეტევაში კი თავისი შანსები მაქსიმალურად გამოიყენა და რაც მნიშვნელოვანია, ლამაზი გოლები გაიტანა. მოკლედ, ერვე რენარის გუნდს ახლა ალმაცერად არავინ უყურებს და საინტერესოა როგორ წარმოაჩენს თავს მეორე მატჩში, როცა მოლოდინი უკვე გაზრდილია.
საუდის არაბეთისგან განსხვავებით პირველ ტურში პოლონეთის ნაკრების თამაშმა იმედგაცრუება გამოიწვია. მექსიკასთან რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ მთელი თამაშის განმავლობაში პოლონელებს სხვა ღირებული არაფერი შეუქმნიათ. ზოგადად, პოლონეთის ნაკრები დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპებზე ბოლო დროს სტაბილურად გადის, მაგრამ იქ ღირებულს ვერაფერს აჩვენებს და თუ დარჩენილ ორ მატჩში არ მოუმატებს, მექსიკასთან ნაჩვენები თამაშით ჯგუფიდან გასვლა ნამდვილად გაუჭირდება.
საუდის არაბეთის ნაკრებს ტრავმირებული იასერ ალ-შაჰრანი დააკლდება, რომელსაც არგენტინასთან მატჩში თანაგუნდელი, მეკარე ალ-ოვაისი მძიმედ დაეჯახა და მისთვის მუნდიალი დასრულდა. ის გერმანიაში გადააფრინეს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. სხვა მხრივ, ერვე რენარის გუნდს საკადრო პრობლემები არ აქვს.
პოლონეთის ნაკრებში მოსალოდნელია, რომ ძირითადში გამოჩნდება არკადიუშ მილიკი, რომელიც მექსიკასთან თადარიგში იყო და შეტევაში ეულად მყოფ რობერტ ლევანდოვსკის ძალიან გაუჭირდა. ამიტომ, ჩესლავ მიხნიევიჩი ახლა 2 ფორვარდით ითამაშებს.
სტატისტიკა
პოლონეთისთვის ეს მე-9 მსოფლიოს ჩემპიონატია და ორჯერ დაიკავა მესამე ადგილი (1974 და 1982 წლებში), თუმცა, მათთვის ბოლო სამ მუნდიალზე, 2002, 2006 და 2018 წლებში ჯგუფში ჩარჩა, სამჯერვე იდენტური შედეგით - 1 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება.
რობერტ ლევანდოვსკის მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი არასდროს გაუტანია. 4 წლის წინ მან რუსეთში გამართული მუნდიალი შედეგიანი დარტყმის გარეშე დაასრულა. გატანასთან წინა ტურში ახლოს იყო, მაგრამ რობერტმა პენალტი ვერ გამოიყენა.
საუდის არაბეთს პლეი-ოფში ერთადერთხელ აქვს ნათამაშები - 1994 წელს, მერვედფინალში.
საუდის არაბეთისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-6 გამოჩენაა და ერთადერთხელ წააგო ყველა თამაში - 2002 წელს.
პოლონეთის ნაკრები საუდის არაბეთს 4-ჯერ შეხვედრია, ოთხჯერვე ამხანაგურ მატჩში და ყველა შეხვედრა ევროპელებმა მოიგეს.
სავარაუდო შემადგენლობები
26 ნოემბერი, 17:00 საათი
ალ რაიანი, „ედუქეიშენ სითი სთედიუმი“
პოლონეთი (5-3-2): შჩესნი, კეში, გლიკი, ბედნარეკი, კივიორი, ჟალევსკი; შჩიმანსკი, კრიხოვიაკი, ჟელინსკი; ლევანდოვსკი, მილიკი
საუდის არაბეთი (4-3-3): ალ-ოვაისი; ალ-ბურაიკი, ალ-ბოლეაჰი, ალ ტამბატკი, აბდულჰამიდი; ალ მალკი, კანო, ალ-აბედი; ალ დავსარი, ალ-შეჰირი, ალ ბურაიკანი