ფეხბურთი

11:13 | 24.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო შენაძენია - ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის ვარსკვლავებში დაასახელეს

ცნობილმა ვებ-გვერდმა Livescore-მა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მიმდინარე სეზონის ვარსკვლავებს შორის დაასახელა. გამოცემა წერს, რომ 21 წლის ქართველი უშიშარი დრიბლიორია, რომელიც ბურთის ყოველი მიღებისთანავე გამწვავებაზე მიდის.

"ცოტა თუ მიაქცევდა ყურადღებას, როცა ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის "დინამოდან" ნეაპოლში ჩავიდა. თუმცა, მისმა პერფორმანსმა სეზონის საუკეთესო შენაძენის პრეტენდენტად აქცია, არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში. ჯერ მხოლოდ 21 წლის არის, სერია A-ში კი ექვსი გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.

უშიშარი დრიბლიორია და ცდილობს უფრო მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოთამაშე. იტალიის ჩემპიონატში მეტოქეზე პირისპირ მიდის და 58 დრიბლინგიდან კონკურენტი 19-ჯერ ჩამოიტოვა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი შესანიშნავად გამოიყურება. ენერგიული და არაპროგნოზირებადი კვარაცხელია კი „ნაპოლის“ დომინანტური შეტევის მთავარი ფიგურაა", - ასე აფასებს ქართველ ფეხბურთელს LIVESCORE.

სერია ა-ში კვარაცხელიას ანგარიშზე 12 შეხვედრაში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე კი 5 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა. მასთან ერთად „ლაივსკორის“ რუბრიკაში ვიქტორ ოსიმენი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რაფაელ ლეაო და ლაუტარო მარტინესი მოხვდნენ.

0.116322