სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:10 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური ფურორი

რაც ვნახეთ, ესპანეთი ყველაზე კარგი იყო. შესაძლოა, მეტოქე ჰყავდა ძალიან სუსტი, მაგრამ ეს საერთოდ არ უგულებელყოფს ლუის ენრიკეს გუნდის საოცარ თამაშს.

ესპანეთმა მუნდიალი ფურორით გახსნა და კოსტა რიკის ნაკრები 7:0 გააცამტვერა. 7 დარტყმა კარში და 7 გოლი. „ფურია როხა“ ფანტასტიკური იყო და ყველაფერი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, რომელიც 3:0 მოიგო, ხოლო მეორე ტაიმში არ გაჩერებულა და მეტოქის რბევა გააგრძელა. შედეგად, შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.

ესპანეთის ნაკრებში ლუის ენრიკემ ჯერ კიდევ წინა ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული ახალი კურსი აიღო, რომელიც სრულიად ახალგაზრდებზეა მიმართული და შემთხვევითი არ არის, რომ დღეს პაბლო გავი ესპანეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც მუნდიალზე გოლი გაიტანა - სულ რაღაც 18 წლის. საერთოდაც, გავი პელეს (1958 წელს) შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც მუნდიალზე გოლი გაიტანა. მის გარდაც ბევრი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია პირინელთა განკარგულებაში და შესაძლოა, ეს გუნდი ჯერ მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბოლომდე მომწიფებული არ იყოს, მაგრამ ფაქტია, არც ისე შორს იქნება მსგავსი წარმატება, რადგან აშკარად მომავლის ნაკრებია.

თუმცა, როგორც წინა ევროპის ჩემპიონატზე, ახლაც „ფურია როხა“ მაქსიმუმისთვის იბრძოლებს. თუ წინა ევროზე ესპანეთი მაინც მძიმე იყო, ბევრჯერ გაიარა ბეწვის ხიდზე და ნახევარფინალამდე მართლაც რთულად მივიდა, ამჯერად მუნდიალი ძალიან მაგრად დაიწყო. თუმცა, ლუის ენრიკეს გუნდის რეალური გამოცდა მაინც მომდევნო ტურში იქნება, 27 ნოემბერს, გერმანიის ნაკრებთან, რომელიც უქულოდაა და უკან დასახევი გზაც არ აქვს.

კოსტა რიკასთან დუბლი ფერან ტორესმა შეასრულა, თითოჯერ დანი ოლმომ, მარკო ასენსიომ, პაბლო გავიმ, კარლოს სოლერმა და ალვარო მორატამ გაიტანეს. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ლუის ენრიკემ ნახევარდაცვის ცენტრში პედრი, გავი და სერხიო ბუსკეტსი ათამაშა და „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელ როდრისთვისაც ძირითადში ადგილი რომ მოეძებნა, ის დაცვის ცენტრში ათამაშა, რაც რეალურად ესპანეთის ნაკრების სუსტი რგოლია. შესაძლოა, ამ სვლამ განსაკუთრებული შედეგი გამოიღოს.

მოკლედ, ესპანეთის ნაკრების სტარტი შთამბეჭდავია, დანარჩენი ტურნირის მსვლელობისას გამოჩნდება. კოსტა რიკის ნაკრების უსუსურობაზე კი ერთი სტატისტიკა ნათლად მიანიშნებს: ჩრდილოამერიკელებს არათუ კარში, კარისკენაც კი არ დაურტყამთ.

ესპანეთი - კოსტა რიკა 7:0 (3:0)

დოჰა, „ალ თუმამა სთედიუმი“

ესპანეთი (4-3-3): სიმონი; ასპილიკუეტა, როდრი, ლაპორტი, ალბა (ბალდე 64); გავი, ბუსკეტსი (კოკე 64), პედრი (სოლერი 57); ტორესი (მორატა 57), ასენსიო (უილიამსი 69), დანი ოლმო

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

კოსტა რიკა (4-4-2): ნავასი; მარტინესი (ვესტონი 46), დუარტე, კალვო, ოვიედო (მატარიტა 82); სპენსი, ბორხესი (აგილერა 72), ტეხედა, ბენეტე (რუისი 61); კემპბელი, კონტრერასი (ზამორა 61)

მწვრთნელი: ფერნანდო სუარესი

გოლები: 1:0 დანი ოლმო (11), 2:0 ასენსიო (21), 3:0 ტორესი (31, პენ), 4:0 ტორესი (54), 5:0 გავი (75), 6:0 სოლერი (90), 7:0 მორატა (90)

გაფრთხილება: კალვო (68), კემპბელი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 0 (0) ბურთის ფლობა: 81%-19% კუთხურები: 5:0 თამაშგარე: 3:7

მსაჯი: მოჰამედ აბდულა ჰასანი (საამიროები)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121489