ფეხბურთი

13:59 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ამბიციური ურუგვაი სამხრეთ კორეით იწყებს, რომელთანაც სიფრთხილე აუცილებელია

მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფი ურუგვაისა და სამხრეთ კორეის დაპირისპირებით გაიხსნება, სადაც ფავორიტად სამხრეთამერიკელები მიიჩნევიან.

ურუგვაის ნაკრები H ჯგუფის ფავორიტად, პორტუგალიასთან ერთად ითვლება. პირველი მუნდიალის მასპინძლები და გამარჯვებულები სამხრეთ კორეას დაუპირისპირდებიან, რომლებიც ზედიზედ მეათედ თამაშობენ მსოფლიოს ნომერ პირველ საერთაშორისო ტურნირზე და ძლიერი მეტოქეების დამწუხრებას ხშირად ახერხებენ.

ლუის სუარესი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სამშობლოში დაბრუნდა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის იქ ემზადებოდა, კავანიმ ევროპაში გადაწყვიტა დარჩენა და მამარდაშვილის "ვალენსიას" შეუერთდა, თუმცა ორივე ვეტერანმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ მაღალ დონეზე გაიარა და უნდა ითქვას, რომ მუნდიალს კარგ ფორმაში ხვდებიან.

წინა ხაზში მათ ახალგაზრდა დარვინ ნუნიესი უერთდებათ, ნახევარდაცვიდან კი ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ფედე ვალვერდე შეეცდება შემტევების პასებით მომარაგებას. არც უკანა ხაზს უჩივიან სამხრეთ ამერიკელები და ამბიციებიც საკმაოდ დიდი აქვთ, თუმცა მეტოქის დაუფასებლობა რომ არ შეიძლება ეს ამ მუნდიალზე უკვე გამოჩნდა.

მეტოქე კი, საკმაოდ საშიშია - ნაკრები, რომელმაც 4 წლის წინ გერმანია ჯგუფში ჩატოვა. მართალია, სონს არც ისე კარგი სეზონი აქვს, თანაც სავარაუდოდ ნიღბით ითამაშებს, თუმცა საეჭვოა საკუთარი ქვეყნის პრესტიჟის დასაცავად მას ამან ხელი შეუშალოს. "ნაპოლის" ახალი ვარსკვლავის, კიმ მინ-ჯეს ბარიერის გარღვევას კი, ნუნიესი კიდევ ერთხელ, დანარჩენები კი პირველად შეეცდებიან.

სტატისტიკა

ურუგვაის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი მასპინძელი და პირველი გამარჯვებულია. მათ მსგავსი წარმატების მიღწევა 20 წლის შემდეგაც მოახერხეს. საერთო ჯამში კი ისინი მე-14 მსოფლიო ჩემპიონატს ითამაშებენ ეცდებიან ამჯერად მაინც შეწვდნენ საპრიზო ადგილებს.

სამხრეთ კორეა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 1954 წელს გამოჩნდა. შემდეგ იყო ძალიან დიდი პაუზა და აზიელები ტურნირს 1986-ში დაუბრუნდნენ. მათ 2002 წელს იაპონიასთან ერთად ტურნირის მასპინძლობა და მასში მე-4 ადგილის დაკავებაც კი მოახერხეს, თუმცა როგორ ეს ცალკე საკითხავია.

ეს გუნდები ერთმანეთს 8-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 6-ში სამხრეთამერიკელებმა იმარჯვეს, 1 ფრედ დასრულდა, ბოლო მატჩი კი 2018 წელს სამხრეთ კორეამ მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

24 ნოემბერი: 17:00 საათი

არ რაიანი, "ედუქეიშენ სითი სთეიდიუმი"

ურუგვაი (4-4-2): როშე, ვარელა, გოდინი, ხიმენესი, ოლივერა, ბენტანკური, ვესინო, ვალვერდე, დე არასკაეტა, სუარესი, ნუნიესი.

სამხრეთ კორეა (4-3-3): კიმ სეუნგ-გიუ, კიმ მუნ-ჰვანი, კიმ მინ-ჯე, კიმ იუნგ-გვონი, კიმ ჯინ-სუ, ჯუნგ ვუ-იუნგი, ჰვანგ ინ-ბეომი, ლი ჯაე-სუნგი, ჰვან ჰი-ჩანი, სონ ჰიუნ-მინი, ჰვან უი-ჩო

0.11789