საულ „კანელო“ ალვარესი ამბობს, რომ რინგზე დაბრუნებას მაისში გეგმავს. ზე-საშუალო წონაში (76 კგ) მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონს, მარცხენა ტრავმირებულ მაჯაზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა და ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის.
მექსიკელმა მაისში ქვე-მძიმე წონაში (79 კგ) ბრძოლა წააგო WBA-ის რუს ჩემპიონ დმიტრი ბივოლთან, ვისთანც რემატჩის გამართვას აპირებს. სექტემბერში ის მესამედ შეხვდა ყაზახ გენადი გოლოვკინს და დაამარცხა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ტრავმის მოსარჩენად, ოპერაციის გაკეთება მოუწევდა.
„ახლა იმას ვფიქრობ, რომ მაისში დაბრუნება შევძლო. იანვარში მუშტების ქნევას დავიწყებ. ამ ვარჯიშებზე გავიგებ, მაჯა როგორ მაქვს. მერე ვნახავ. პირველ რიგში, ადვილ ბრძოლას გავმართავ, რათა გავიგო, ტრავმის შემდეგ რა შემიძლია. მერე კი, სექტემბერში ბივოლთან რემატჩს ვაპირებ. ახლა მხოლოდ ამის სურვილი მაქვს“, - ყვება ალვარესი.
კრივის მსოფლიო საბჭომ (WBC) ახლახანს გამოაცხადა, რომ ამერიკელების, ქეილებ პლანტის და დევიდ ბენავიდესის ბრძოლაში (რომელიც მარტში უნდა ჩატარდეს) გამარჯვებული, ალვარესისთვის სავალდებულო მეტოქე გახდება.