სხვა

1:40 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

როგლიჩი ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას აგრძელებს

სლოვენიელი ტოპ ველომრბოლი პრიმოჟ როგლიჩი ამბობს, რომ ოპერაციის შემდგომ, სრულ გაჯანსაღებამდე ერთი თვე მაინც დასჭირდება. „საიკლინგნიუსის“ ინფორმაციით, „ჯუმბო-ვისმას“ ველომრბოლმა, მარცხენა მხრის ოპერაცია 10 ოქტომბერს გაიკეთა და თავისი გუნდის სავარჯიშო ბანაკს დეკემბერში შეუერთდება.

„რეაბილიტაცია გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ხელს უკვე ვამოძრავებ. ალბათ ერთი თვე დამჭირდება, სანამ ველოსიპედით ვარჯიშის დაწყებას შევძლებ. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ჩვენი ფონდის კალენდარს გამოვაქვეყნებთ და ახლა სწორედ ამით ვარ დაკავებული“, - ამბობს როგლიჩი.

33 წლის მრბოლისთვის გასული სეზონი რთული გამოდგა. მხრის ტრავმა, რომლის გამოც ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, ტურე დე ფრანსის მეხუთე ეტაპზე მიიღო, თუმცა რბოლა ათი დღის შემდეგ მიატოვა. ტრავმის მოშუშება ვუელტამდე მოასწრო, თუმცა ესპანეთში კიდევ ერთი ინციდენტი შეემთხვა.

„ყველამ იცის, რომ რამდენიმე ტრავმა მივიღე და ბოლოს და ბოლოს, მივაღწიე წერტილს, როცა ეს პრობლემა უნდა მომეგვარებინა. ოპერაციის შემდგ, მკლავი უმოძრაოდ ექვსიდან რვა კვირამდე უნდა მქონოდა. შემდეგ კი პასიური მოძრაობის დაწყება შეიძლება. ბედად, ეს არც მაისში მოხდა და არც ივნისში“, - ყვება როგლიჩი.

სლოვენიელი მრბოლი უძღვება საკუთარ ფონდს, რომლის მიზანიც, ახალგაზრდა ველომრბოლების დახმარებაა. მან ახლახანს თავისი მიღწევებისა და საზოგადოებრივი აქტივობისთვის, სლოვენიის პრეზიდენტისგან ოქროს ორდენი მიიღო.

0.113905