ფეხბურთი

19:33 | 22.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერვე რენარი: "ეს ფეხბურთია, სიგიჟეები ხდება, ჩვენ საუდის არაბეთის ისტორია დავწერეთ"

საუდის არაბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერვე რენარმა არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ (2:1) კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, მათ საუდის არაბეთის ფეხბურთის ისტორია დაწერეს, მაგრამ უკვე მომდევნო მატჩზე უნდა იფიქრონ.

„მეორე გოლი რომ გაგვეშვა, ვფიქრობ, თამაში დასრულებული იქნებოდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაფერი უნდა გასცე, არ შეგვიძლია ისე ვითამაშოთ, როგორც პირველ ტაიმში. ცაში ყველა ვარსკვლავი ჩვენთვის გაერთიანდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არგენტინა ისევ ფანტასტიკურია. ისინი 36-მატჩიანი წაუგებელი სერიით მოვიდნენ აქამდე, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები არიან, საოცარი მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ ეს ფეხბურთია, მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს, რადგან ხანდახან შეიძლება სიგიჟეები მოხდეს.

შეიძლება მათი მოტივაცია არ იყო ძალიან მაღალი, რადგან იგივე შემთხვევა ჩვენც გვქონია უფრო სუსტ მეტოქესთან. არ შეიძლება საუდის არაბეთთან ისეთივე მოტივაცია არსებობდეს, როგორიც ბრაზილიასთან თამაშის დროს. ჩვენ საუდის არაბეთის ფეხბურთის ისტორია დავწერეთ, რაც სამუდამოდ დარჩება, მაგრამ წინსვლაზე უნდა ვიფიქროთ, ჯერ კიდევ ორი რთული მატჩი გველოდება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაძლებელია მოიგო პირველი თამაში და ჯგუფში ჩარჩე, ან წააგო პირველი მატჩი და მსოფლიოს ჩემპიონი გახდე. 20 წუთი ზეიმი შეგვიძლია, შემდეგ კი მეორე მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ“, - თქვა რენარმა.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ნაკრები მეორე ტურში 26 ნოემბერს, პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.115422