ფეხბურთი

14:55 | 22.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი ფავორიტია, მაგრამ კოსტა რიკა ამოუცნობი და სახიფათოა

მსოფლიოს ჩემპიონატის E ჯგუფში ესპანეთის ნაკრები, რომელიც მუნდიალზე ფავორიტის სტატუსითაა, კოსტა რიკას დაუპირისპირდება. ვინაიდან, ამ ჯგუფში გერმანია და იაპონიაც არიან, შეიძლება ყოველი მატჩი და ქულა გადამწყვეტი იყოს.

ესპანეთი ფავორიტებშია, მაგრამ ლუის ენრიკეს გუნდის მიმართ კითხვები მაინც არსებობს. 2021 წელს, ევროპის ჩემპიონატზე „ფურია როხა“ არ იყო აშკარა ფავორიტებს შორის და ტურნირიც ძალიან მძიმედ დაიწყო (ორი ფრით), მერვედფინალი და მეოთხედფინალიც მძიმედ გაიარა, მაგრამ ძალიან ცოტა დააკლდა ფინალამდე, რადგან მომავალ ჩემპიონ იტალიასთან ნახევარფინალში მხოლოდ პენალტების სერიაში წააგო. ესპანელებმა შესარჩევი ციკლი დამაჯერებლად განვლეს და წელს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპიც მოიგეს, სადაც პორტუგალიას აჯობეს.

ლუის ენრიკემ მუნდიალის განაცხადს მიღმა დატოვა, დავიდ დე ხეა, სერხიო რამოსი და ტიაგო ალკანტარა, რაც დიდი განსჯის საკითხი გახდა, ისევე, როგორც შეკრებიდან ხოსე გაიას გაშვება ტრავმის მიზეზით და მის ნაცვლად ალეხანდრო ბალდეს გამოძახება. როგორც გაირკვა, გაიას ტრავმა სერიოზული არ იყო და შეეძლო მუნდიალზე ეთამაშა. მიუხედავად ყველაფრისა, ესპანეთი ყველა რგოლში ძლიერია და ამ გუნდის კოზირი ახალგაზრდები არიან - ლუის ენრიკე პედრისა და გავის დიდ ნდობას უცხადებს.

კოსტა რიკის ნაკრებს ახლა საუკეთესო პერიოდი არ უდგას და ფეხბურთელთა ბირთვიც თითქოს კარიერის ბოლოშია, მაგრამ მაინც საინტერესო გუნდია, რომლის ლიდერი ისევ კეილორ ნავასია. ლუის ფერნანდო სუარესის გუნდი კარგ ფორმაშია, რადგან 2022 წელს 12 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, ორჯერ ფრეს დასჯერდა და 9 თამაში მოიგო. კოსტა რიკა მუნდიალზე მას შემდეგ მოხვდა, რაც პლეი-ოში ახალი ზელანდია 1:0 დაამარცხა.

სტატისტიკა

ეს ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვედრიან და სამჯერვე ამხანაგურ მატჩში: ორი თამაში ესპანეთმა მოიგო (2015 წელს 2:1 და 2017 წელს 5:0), ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა (2011 წელს, 2:2).

ესპანეთის ნაკრებს 2010 წლის შემდეგ, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, პლეი-ოფში თამაში არ მოუგია. „ფურია როხა“ 2014 წელს ჯგუფში ჩარჩა, ხოლო 2018 წელს მერვედფინალში რუსეთთან დამარცხდა.

კოსტა რიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-6-ედ მონაწილეობს საუკეთესო შედეგი 2014 წელს აჩვენა, როცა ურთულეს ჯგუფში, იტალიას, ინგლისსა და ურუგვაის აჯობა, მერვედფინალში საბერძნეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში პენალტების სერიაში ნიდერლანდებთან წააგო. გარდა ამისა, ისინი ჯგუფიდან 1990 წელსაც გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ კოსტა რიკა მუნდიალზე ზედიზედ მესამედ თავის ისტორიაში პირველად თამაშობს.

ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-16-ედ თამაშობს და წინა 15 შემთხვევიდან, მეოთხედფინალური ეტაპი ერთადერთხელ გადალახა - მაშინ, როცა ჩემპიონი გახდა (2010 წელს). ამგვარად, "ფურია როხა" მუნდიალზე საუკეთესო ოთხეულში ერთხელ გავიდა და ჩემპიონობაც მოიპოვა.

კოსტა რიკა ბოლო ნაკრებია, რომელმაც ამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა (მიმდინარე წლის ივნისში).

ლუის ფერნანდო სუარესისთვის ეს იქნება მესამე მსოფლიოს ჩემპიონატი. კოლუმბიელი მწვრთნელი მანამდე მუნდიალზე ეკვადორისა (2006) და ჰონდურასის ნაკრებთან (2014) ერთად იყო.

სავარაუდო შემადგენლობები

23 ნოემბერი, 20:00 საათი

დოჰა, „ალ თუმამა სთედიუმი“

ესპანეთი (4-3-3): სიმონი; კარვახალი, ლაპორტი, პაუ ტორესი, ალბა; პედრი, ბუსკეტსი, გავი; ფერან ტორესი, მორატა, ანსუ ფატი

კოსტა რიკა (4-3-3): ნავასი; მარტინესი, კალვო, დუარტე, ოვიედო; ტეხედა, ბენეტე, ტორესი; ბორხესი, კონტრერასი, კემპბელი

0.117435