ფეხბურთი

16:34 | 22.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვიცე-ჩემპიონის სტარტი ამბიციური მაროკოს წინააღმდეგ

საქმეში მოქმედი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონიც ერთვება - ხორვატიის ნაკრები პირველ ტურში მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

მაროკოს კარგი გუნდი ჰყავს, რასაც ფიფას რეიტინგიც ადასტურებს, რომელშიც ვალიდ რეგრაგის გუნდი 22-ე ადგილზეა და აფრიკელების მიზანი ჯგუფურ ეტაპის დაძლევაა. ეს არცაა უადგილო ამბიცია, რადგან მაროკოს ნაკრებს ჰყავს ჰაკიმ ზიეში, აშრფაფ ჰაკიმი, სოფიან ბუფალი და სხვა მაღალი დონის ფეხბურთელები.

მაროკოელებმა მუნდიალამდე ბოლო ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრებთან ჩაატარეს და გამარჯვება არ გასჭირვებიათ - 3:0. მოსალოდნელია, რომ ამ მატჩთან შედარებით ძირითად შემადგენლობაში იქნებიან ნუსაირ მაზრაუი და სოფიან ამრაბატი, რომლებიც მაროკოს ნაკრებისთვის ასევე მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ.

ხორვატიის ნაკრები 4 წლის წინ ფინალში იყო, მაგრამ მას შემდეგ ზლატკო დალიჩის გუნდი უფრო რეგრესის გზაზეა, ვიდრე პროგრესის. ამდენად, რთული სათქმელია, რას უნდა ველოდოთ კატარში ხორვატებისგან, რომელთა რიგებში გარკვეულწილად თაობათა ცვლა მიმდინარეობს. თუმცა, ძალიან სოლიდურია ნახევარდაცვის ცენტრი, რომელსაც ლუკა მოდრიჩი, მარსელო ბროზოვიჩი და მატეო კოვაჩიჩი ამაგრებენ. ვარაუდობენ, რომ დალიჩი თავდასხმაში ანდრეი კრამარიჩს თადარიგში დატოვებს და მის ნაცვლად ძირითადში ბრუნო პეტკოვიჩი იქნება.

ვინაიდან ორივე გუნდის მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამავე ჯგუფში ბელგიაც თამაშობს, ამ თამაშის შედეგმა შეიძლება ბევრი რამ გადაწყვიტოს. ამდენად, მოსალოდნელია, რომ გუნდები მაქსიმალურად ფრთხილად ითამაშებენ, რადგან სასწორზე უმნიშვნელოვანესი ქულები დევს.

ვალიდ რეგრაგი (მაროკოს ნაკრების მწვრთნელი): „ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატს არაბული ქვეყანა მასპინძლებს და ამიტომ, კატარში მაროკოს ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდებით, ყველა მაროკოელმა კატარელმა და არაბმა ჩვენი თამაშით იამაყოს“.

ზლატკო დალიჩი (ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი): „ჩვენ მოქმედი ვიცე-ჩემპიონები ვართ, ასე რომ მოლოდინი დიდია. თუმცა, რეალისტები უნდა ვიყოთ, რადგან კატარში ჩემპიონობის შანსი მინიმუმ 10 გუნდს აქვს“.

სტატისტიკა

მაროკოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს მეექვსე გამოჩენაა და წინა 5 შემთხვევიდან ჯგუფიდან მხოლოდ ერთხელ, 1986 წელს გავიდა. 4 წლის წინ აფრიკელებმა ჯგუფში 1 ქულა მოიპოვეს.

მაროკო პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა მოახერხა - 1986 წელს.

მაროკომ სულ 16 მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე, საიდანაც ორი მოიგო, ხუთჯერ ფრე ითამაშა და ცხრა წააგო. მაროკოს ნაკრებმა ორივე გამარჯვება მოიპოვა ევროპულ მეტოქეებთან - პორტუგალიასა და შოტლანდიასთან.

ხორვატიის ნაკრები მუნდიალზე მეექვსედ ითამაშებს. 1998 წლიდან მოყოლებული, როცა ხორვატებმა მესამე ადგილი დაიკავეს, მხოლოდ 2010 წელს ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი ხორვატიის გარეშე. წინა 5 შემთხვევიდან 3-ჯერ ხორვატია ჯგუფში ჩარჩა (2002, 2006, 2014), ორჯერ კი ჯგუფიდან გავიდა და ერთხელ ვერცხლის მედლები მოიპოვა (2018), ერთხელაც ბრინჯაოს (1998).

ხორვატია და მაროკო ერთადერთხელ, 1996 წლის 11 დეკემბერს, მეფე ჰასან II-ის საერთაშორისო თასის ნახევარფინალში შეხვდნენ და მატჩი 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ხორვატიამ 7:6 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

23 ნოემბერი, 14:00 საათი

ალ. ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“

მაროკო (4-3-3): ბონო; ჰაკიმი, საისი, აგერდი, მაზრაუი; უნაჰი, ამრაბატი, ამალაჰი; ზიეში, ენ-ნესირი, ბუფალი

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი; სტანიშიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, ბარიშიჩი; მოდრიჩი, ბროზჯოვიჩი, კოვაჩიჩი; ვლაშიჩი, პეტკოვიჩი, პერიშიჩი

0.127077