ავტოსპორტი

1:18 | 22.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

როგორ აჯობა ლეკლერმა პერესს

აბუ დაბის დიდი პრიზის წინ, სერხიო პერესს და შარლ ლეკლერს თანაბარი ქულები ჰქონდათ. ვიცე ჩემპიონის ვინაობა ბოლო რბოლას უნდა გაერკვია, რომელშიც მექსიკელს მცირე უპირატესობა ჰქონდა - ის სტარტზე მეორე პოზიციაზე იდგა, ლეკლერი კი ერთი ადგილით უკან.

„ფერარის“ მონაკოელი პილოტი აღიარებს, რომ პოზიცია და მანქანის სიჩქარე, მისი მეტოქის უპირატესობა იყო. ამიტომ, მოსაგებად მას განსხვავებული ხერხისთვის უნდა მიემართა. ეს ხერხი კი რისკიანი ტაქტიკა იყო, რომელიც მხოლოდ ერთ პიტ სტოპს ითვალისწინებდა. ეს იმ დროს, როდესაც „რედ ბულის“ ტაქტიკა ორ პიტ სტოპზე უნდა ყოფილიყო აგებული.

„რბოლის დასაწყისიდან ბოლომდე, მე 110 პროცენტით ვუტევდი. ვაღიარებ, რომ უნაკლო რბოლა გამოგვივიდა. დღეს უფრო მეტის მიღწევა შეუძლებელი იყო. ვიცოდი, სერხიოს განსხვავებული ტაქტიკით თუ ვაჯობებდი. ჩვენ საბურავებით უნდა „გვეთამაშა“. რბოლის ერთი პიტ სტოპით გავლა შევძელით. ამიტომ, ძალიან კმაყოფილი ვარ“, - ყვება ლეკლერი.

მას იმედი აქვს, რომ მომავალი სეზონისთვის „ფერარი“ ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს და ტიტულისთვის იბრძოლებს. მისი თქმით, ბოლო ერთ წელიწადში გუნდის პროგრესი აშკარაა, რაც იმის იმედს იძლევა, რომ განვითარება ასევე გაგრძელდება. გარდა ამისა, იტალიური გუნდი ტაქტიკურად რბოლებს ახლა უფრო უკეთ გეგმავს, რაც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში აუცილებელია.

0.115909