ავტოსპორტი

0:44 | 22.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსმა მეორე პილოტად ამერიკელი ლოგან სარჯენტი დაასახელა

„უილიამსმა“ გამოაცხადა, რომ მეორე პილოტის რანგში, ახალგაზრდა ამერიკელი ლოგან სარჯენტი აიყვანა. ბრიტანულმა გუნდმა ჯერ კიდევ ამერიკულ ეტაპზე გამოაცხადა, რომ სარჯენტის აყვანა სურდა, მაგრამ იმ მომენტში პილოტს სუპერ ლიცენზია არ ჰქონდა, რის გამოც, ფორმულა 1-ის რბოლებში მონაწილეობის უფლებას ვერ მიიღებდა.

თუმცა, სეზონის ბოლომდე სარჯენტმა შეასრულა თავისი „მოვალეობა“ და სუპერ ლიცენზიისთვის საჭირო ქულები, ფორმულა 2-ში გამოსვლებისას დააგროვა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა „უილიამსმა“ მასთან კონტრაქტის გაფორმება. სარჯენტი გუნდში კანადელი ნიკოლას ლაფიტის ადგილს დაიკავებს.

21 წლის სარჯენტი ფლორიდელია, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, რაც ლონდონში ცხოვრობს. „უილიამსმა“ მასთან ჯერ მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამგვარად, სარჯენტი გახდება ფ1-ის პირველი ამერიკელი პილოტი 2015 წლის შემდეგ. აქამდე ბოლო ამერიკელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზა, ალექს როსია.

„ჩემთვის უილიამსის მანქანით რბოლებში მონაწილეობა, უზარმაზარი პატივი და ოცნების ასრულებაა. გუნდს და მის მფლობელ დორილტონ მოტორ სპორტსს ძალიან ვემადლიერები მათ მიერ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის“, - ამბობს სარჯენტი, ვინც სწორედ „უილიამსის“ ახალგაზრდა მრბოლთა აკადემიის კურსანტია.

სარჯენტი პირველად „უილიამსის“ სარბოლო ავტომობილს აბუ დაბიში, სამშაბათს გატესტავს. 2020 წელს, ფორმულა 3-ის ჩემპიონატში, ის მხოლოდ ოტხი ქულით ჩამორჩა ავსტრალიელ ჩემპიონ ოსკარ პიასტრის, ვინც მომავალი სეზონიდან „მაკლარენის“ პილოტი ხდება.

0.114149