ფეხბურთი

23:50 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვქონდა"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უკრაინასთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ნაყოფიერი შეკრება იყო, რაც სამწვრთნელო შტაბს ევროპის ჩემპიონატისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

„მთავარი ისაა, რომ ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. მესმის, რომ შეიძლება შედეგით არ იყო ნაყოფიერი, მაგრამ 10 დღე გავატარეთ ერთად, ბევრ ახალ ფეხბურთელს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, უკვე გვაქვს მათზე ინფორმაცია და ეს ძალიან კარგია მომავლისთვის, რადგან სია იზრდება, კონკურენცია დიდია და ევროპის ჩემპიონატისთვის ეს არჩევანის გაკეთებას გაგვიადვილებს.

რაც შეეხება თამაშს, სამართლიანი შედეგია, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა. ყველაზე საწყენი ისაა, რომ არის მომენტები, როცა კონცენტრაციას ვკარგავთ, რაც ძალიან ძვირად გვიჯდება, ამაზე სამუშაო გვაქვს. ეს იყო ჩვენი პირველი შეკრება იმის შემდეგ, რაც ჯგუფში ჩვენი მეტოქეები გავიგეთ. ამიტომ, ეს შეკრება ამ ჭრილში განიხილებოდა, ბევრი რამ შევცვალეთ, სათამაშო კომპონენტები, დაცვითი ფაზები“, - თქვა სვანაძემ.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ანზორ მექვაბიშვილმაც: „თამაშს დადებითად შევაფასებ, მაგრამ შედეგით უკმაყოფილოები ვართ. იყო გარკვეული ხარვეზები, ჯერ კიდევ მიმდინარეობს შერჩევა და ჩვენ თამაშს ვეძებთ. გვქონდა მომენტები, უბრალოდ ვერ გამოვიყენეთ და ამიტომაც, დამთავრდა თამაში ფრედ“, - აღნიშნა მექვაბიშვილმა.

შეგახსენებთ, დამდეგ ზაფხულს საქართველოში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი გაიმართება, რომლის ფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი პირველად ითამაშებს. რამაზ სვანაძის გუნდი საკმაოდ რთულ ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები პორტუგალია, ბელგია და ნიდერლანდები იქნებიან.

0.113298