მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მეორე მატჩი გაიმართა და ამჯერადაც, მეტოქეთა შორის კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო.
ინგლისი ირანთან აშკარა ფავორიტი გახლდათ, მაგრამ გვახსოვს ირანის ნაკრები წინა მუნდიალიდან, როცა ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს ბოლომდე ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, ახლა კი, ყველაფერი მალევე გადაწყდა.
გარეთ საუთგეიტის გუნდი მუნდიალს 6-მატჩიანი მოუგებელი სერიით და ბევრი კრიტიკით შეხვდა, თუმცა კრიტიკოსები ალბათ მცირე ხნით მაინც გაჩუმდებიან, რადგან ინგლისმა აზიელები 6:2 გაანადგურა. პირველ ტაიმში ჯუდ ბელინგემმა, ბუკაიო საკამ და რაჰიმ სტერლინგმა გაიტანეს, ხოლო მეორე ტაიმში საკამ ჯერ დუბლი შეასრულა, მერე შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა, მარკუს რაშფორდმა და ჯეკ გრილიშმა გაიტანეს. ირანელთა რიგებიდან დუბლით მეჰდი ტარემი გამოირჩა, მაგრამ ცხადია, ირანის ნაკრებისთვის ეს ვერაფერი ნუგეშია.
სხვათა შორის, პირველ ტაიმს მსაჯმა 14 წუთი დაამატა, მეორე ტაიმს - 10. შედეგად, გუნდებმა 114 წუთი ითამაშეს. პირველ ნახევარში ირანელმა მეკარემ თავის ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაში დიდი ხანი იყო გაჩერებული, ხოლო პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ერთმა გუნდმა 6 შეცვლა განახორციელა - 5 შეცვლა ისედაც დაშვებულია, მე-6 შეცვლის უფლება კი ირანმა იმის გამო მისცეს, რომ მეკარე ბეირანვანდმა თავის ტრავმა მიიღო.
ინგლისმა მსოფლიოს ჩემპიონატი ხმამაღალი განაცხადით დაიწყო და თუ გადავხედავთ ბადეს, ალბიონელებს მეოთხედფინალში გასვლა წესით არ უნდა გაუჭირდეთ.
ინგლისი - ირანი 6:2 (3:0)
დოჰა, „ხალიფა სთედიუმი“
ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი; ტრიპიერი, სტოუნსი, მაგუაირი (დაიერი 70), შოუ; ბელინგემი, რაისი; საკა (რაშფორდი 70), მაუნთი (ფოდენი 71), სტერლინგი (გრილიში 70); კეინი (ვილსონი 76)
მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი
ირანი (4-3-3): ბეირანვანდი (ჰ. ჰოსეინი 20); მუჰარამი, ჩეშმი (კანაანი 46), ჰოსეინი, მოჰამადი (ტორაბი 64); ნოორალაჰი (აზმუნი 77), ჰაისაფი, კარიმი (ეზატოლაჰი 46); ჯახანბახში (გოლიზადე 46), ტარემი, პურალიგანჯი
მწვრთნელი: კარლოს კეირუში
გოლები: 1:0 ბელინგემი (35), 2:0 საკა (43), 3:0 სტერლინგი (45), 4:0 საკა (62), 4:1 ტარემი (65), 5:1 რაშფორდი (71), 6:1 გრილიში (90), 6:2 ტარემი (90, პენ)
გაფრთხილება: ჯახანბახში (25), პურალიგანჯი (48)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 8 (3) ბურთის ფლობა: 78%-22% კუთხურები: 8:0 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: რაფაელ კლაუსი (ბრაზილია)