ფეხბურთი

18:12 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონები ნაცნობი მეტოქით იწყებენ

მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე მატჩი 23:00 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობას D ჯგუფის გუნდები - საფრანგეთი და ავსტრალია მიიღებენ.



ტრავმებით გაწამებული მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები მაინც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევიან, ამ სტატუსის განმტკიცება კი მათ ავსტრალიის ნაკრების დამარცხებით უნდა დაიწყონ. ოქროს ბურთის ბოლო მფლობელის, ქარიმ ბენზემას გამოკლება დიდი დარტყმა იყო როგორც ფრანგებისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. ამის გამოყენებას კი ავსტრალიელები მაქსიმალურად შეეცდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ჯგუფში დანიის და ტუნისის ნაკრებები იმყოფებიან და ყველა ქულა უმნიშვნელოვანესია.

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ძალიან დიდი დანაკლისით შეხვდა. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ტიტულის დაცვას შესუსტებული შემადგენლობით შეეცდებიან - თუმცა როგორია შესუსტებული უწოდო იმ გუნდს, რომლის შეტევაშიც მბაპე, გრიზმანი და ოლივიე ჟირუ თამაშობენ. ბენზემას არ ყოფნაში სწორედ ჟირუსგან ელის გულშემატკივარი გაბრწყინებას, რომელსაც საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე 3 გოლი აკლია და ვინ იცის, შეიძლება ,,მილანის" ფორვარდმა ამ რეკორდის დამხობა მიმდინარე მუნდიალზეც კი მოახერხოს.

ავსტრალიის ნაკრები საკმაოდ ახალგაზრდული და მონდომებული გუნდია. ,,სოქერუზმა" მსოფლიო ჩემპიონატის საგზური პლეი-ოფით მოიპოვა, სადაც პერუს ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. ავსტრალიელები მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ ხმაურიანად წავიდნენ. მათ ოფიციალური ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც საჯაროდ დაგმეს რასიზმი და შრომითი უფლებების დარღვევა კატარში. საფრანგეთის წინააღმდეგ კი ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან თავიანთი ქაოტური თამაშით ქულა მაინც მოიპოვონ.

სტატისტიკა

ეს გუნდები ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ, საიდანაც 3 მატჩი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა, 1 ფრედ 1 კი ავსტრალიელებმა მოიგეს.

სწორედ ამ გუნდებმა ითამაშეს ერთმანეთში რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე თავიანთი გახსნითი მატჩებიც, რომელიც ევროპელებმა 2:1 მოიგეს.

საფრანგეთის ნაკრები მე-16 მუნდიალს ითამაშებს და მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას მესამედ დაუმიზნებს. ავსტრალიის ნაკრები კი თავისთვის მეექვსე მუნდიალზე გამოვა, თუმცა მათი საუკეთესო შედეგი მხოლოდ და მხოლოდ 1/8 ფინალს ითვლის - 2006 წელს

სავარაუდო შემადგენლობები

ალ ვაკრა, ,,ალ ჯანუბ სთეიდიუმი"

22 ნოემბერი, 23:00 საათი

საფრანგეთი: (4-3-1-2): ლორისი, პავარი, ვარანე, კონატე, ტეო ერნანდესი, რაბიო, ფოფანა, ჩუამენი, გრიზმანი, მბაპე, ჟირუ.

ავსტრალია: (4-2-3-1): რაიანი, ატკინსონი, სუტარი, როულზი, ბეჰიჩი, ირვინი, მუი, მაბილი, ჰრუსტიჩი, ლეკი, მაკლარენი.

0.127469