ფეხბურთი

15:45 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმსა" და არჩილ ბერიძეს ფეხბურთის ფედერაციამ სანქციები დააკისრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის შესახებ იმსჯელეს, კერძოდ, 2022 წლის 12 ნოემბერს ეროვნული ლიგის ეგიდით ს.კ. ბათუმის „დინამოსა“ და ს.კ. წყალტუბოს „სამგურალს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტები განიხილეს.

სხდომაზე განხილული იქნა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ფაქტები, მათ შორის, მატჩის დელეგატის მოხსენებითი ბარათები, მატჩის ვიდეო ჩანაწერი და ვიდეო მასალა.

სხდომას ასევე ესწრებოდნენ კლუბების წარმომადგენლები და მატჩის ოფიციალური პირები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით:

  • ბათუმის „დინამო“ მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით.
  • ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ექვსი ათასი ლარის ოდენობით და ერთი წლის განმავლობაში აეკრძალა სტადიონზე შესვლა ბათუმის „დინამოს“ როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე.
  • ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, გურამ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით და 6 მატჩზე აეკრძალა სტადიონზე შესვლა ბათუმის „დინამოს“ როგორც საშინაო ისე საგარეო მატჩებზე.
  • ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთელის თანაშემწეს, დავით ჯანელიძეს - სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.
  • ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივართა მეკავშირე ოფიცერს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორასი ლარის ოდენობით.
0.184002