ფეხბურთი

16:10 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკა და პოლონეთი: როცა პირველი ტური გადამწყვეტია

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის C ჯგუფის პირველ ტურში მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ეს, ის იშვიათი შემთხვევაში შეიძლება იყოს, როცა პირველი ტურის მატჩი გადამწყვეტი გამოდგეს. საქმე ისაა, რომ ამავე ჯგუფში არგენტინის ნაკრებიცაა და თეორიულად, მეორე ადგილისთვის, მექსიკა და პოლონეთი პირდაპირი კონკურენტები არიან. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მათ დაპირისპირებაში გამარჯვებული უდიდეს ბონუსს მიიღებს მერვედფინალის საგზურისთვის ბრძოლაში.

პოლონეთის ნაკრები ეცდება 1986 წლის შემდეგ პირველად გავიდეს ჯგუფიდან და მათი ამბიციები ძირითადად რობერტ ლევანდოვსკის უკავშირდება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, პოლონეთს სხვა მაღალი კლასის ფეხბურთელებიც ჰყავს, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი პიოტრ ჟელინსკი და „იუვენტუსის“ ფორვარდი არეკ მილიკი. ისე კი, ამბიციურობის მიუხედავად, პოლონეთს დიდ ტურნირებზე თამაში უჭირს და ევრო 2016-ს თუ არ ჩავთვლით, ჯგუფიდან გასვლასაც ვერ ახერხებს, მათ შორის, როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის ჩემპიონატზე.

მექსიკის ნაკრები კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდია. აცტეკელები ბოლო შვიდ მუნდიალზე ჯგუფიდან გავიდნენ, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ შვიდჯერვე პლეი-ოფის პირველივე სტადიაზე მარცხი განიცადეს. ახლა მექსიკას საუკეთესო თაობა ნამდვილად არ ჰყავს, მაგრამ ხერარდო მარტინოს გუნდი მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა, გამოსარჩევი კი კვარაცხელიას კიდევ ერთი თანაგუნდელი, ირვინგ ლოსანოა.

სტატისტიკა

პოლონეთისთვის ეს მე-9 მსოფლიოს ჩემპიონატია და ორჯერ დაიკავა მესამე ადგილი (1974 და 1982 წლებში), თუმცა, მათთვის ბოლო სამ მუნდიალზე, 2002, 2006 და 2018 წლებში ჯგუფში ჩარჩა, სამჯერვე იდენტური შედეგით - 1 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება.

რობერტ ლევანდოვსკის მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი არასდროს გაუტანია. 4 წლის წინ მან რუსეთში გამართული მუნდიალი შედეგიანი დარტყმის გარეშე დაასრულა.

მექსიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-17-ედ მონაწილეობს და ბოლოს 1990 წელს იტალიაში არ იყო. მას შემდეგ მექსიკელებმა ჯგუფიდან გასვლა ყოველთვის მოახერხეს, მაგრამ მერვედფინალში დამარცხდნენ. მექსიკა ბოლოს მეოთხედფინალში 1986 წელს იყო, როცა ტურნირის მასპინძელი იყო. ზოგადად, მექსიკის ნაკრებს საუკეთესო შედეგი სწორედ საშინაო მუნდიალებზე აქვს ნაჩვენები, 1970 და 1986 წელს - ორჯერვე მე-6 ადგილი.

მექსიკა და პოლონეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს. 1978 წელს, არგენტინაში პოლონელებმა 3:1 იმარჯვეს.

ზოგადად, ისინი ერთმანეთს 8-ჯერ შეხვედრიან და სრული თანაფარდობაა: 3-3 მოგება/წაგება და 2 ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები

დოჰა, „სთედიუმ 974“

22 ნოემბერი, 20:00 საათი

მექსიკა (4-3-3): ოჩოა, სანჩესი, მონტესი, მორენო, გალიარდო; ალვარესი, ერერა, გუარდადო; ლოსანო, მარტინი, ვეგა

პოლონეთი (3-5-2): შჩესნი, ბედნარეკი, გლიკი, კივიორი; ბერეშჩინსკი, კრიხოვიაკი, ჟელინსკი, შიმანსკი, ჟალევსკი; სვიდერსკი, ლევანდოვსკი

0.123356