„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო და პაოლო კანავაროების აგენტმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ფედელე თავდაპირველად კვარას კრიტიკით გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო პერიოდში მხოლოდ მისი ქებითაა დაკავებული. ამჯერად, გამოცდილმა მენეჯერმა უარყო, რომ იტალიური კარიერის სტარტზე ქართველ ფეხბურთელს აკრიტიკებდა.
„ადრე კვარაცხელიას ვაკრიტიკებდი? ასე არ არის. ყოველთვის ვამბობდი, რომ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ერთადერთი ნამდვილი ტალანტი ის არის, რადგან კვარაცხელია ერთადერთია, რომელმაც იცის, როგორც გააკეთოს ის, რაც სხვებს არ შეუძლიათ. ლუჩანო სპალეტის თუ მისი ჩარჩოებში მოქცევა და გალიაში ჩაკეტვა უნდა, დიდ შეცდომას დაუშვებს, რადგან ნიჭი არ შეიძლება გამოკეტო“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, სეზონის პირველ ნაწილში „ნაპოლის“ მაისურით ხვიჩა კვარაცხელიამ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.