საფეხბურთო ზეიმი იწყება - მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში ყველაზე პოპულარული ტურნირია და გულშემატკივართა ხანგრძლივი მოლოდინიც, რომელიც ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა, რამდენიმე საათში დასრულდება.
პირველად მსოფლიოს ჩემპიონატი თითქმის საუკუნის წინ, 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა და მას შემდეგ ყოველთვის ზაფხულში იმართებოდა, მაგრამ ისტორიაში 22-ე მუნდიალი ამჯერად ყველასთვის უჩვეულო დროს გაიმართება.
მსოფლიოს ჩემპიონატს კატარი უმასპინძლებს და კლიმატიდან გამომდინარე ის ნოემბერში დაიწყება, ხოლო დეკემბერში დასრულდება. ამგვარად, ეს ყველასთვის სიახლეა - მუნდიალი თუ ზაფხულის ცხელ დღეებთან ასოცირდება, ამჯერად ზამთრის ცივ დღეებში შედგება.
მსოფლიოს ჩემპიონატი საყოველთაო ზეიმია, რომელიც ემოციების, ვნებების, სხვადასხვა კულტურის, ტრადიციების სინთეზია და ის ცდება უბრალოდ ფეხბურთის კონცეფციას.
საფეხბურთო დღესასწაული იწყება და კატარში გასამართი მუნდიალი რამდენიმე ფაქტორითაა გამორჩეული. სხვა ყველა ინტრიგასთან ერთად, ეს იქნება ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც ბოლო წლების მთავარი ვარსკვლავები - კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ითამაშებენ. არგენტინისა და პორტუგალიის ნაკრებებიც ტურნირის მთავარ ფავორიტებში შედიან, შესაბამისად, მესისაც და რონალდუსაც ბოლო შანსი აქვთ, რომ მოიპოვონ ტიტული, რომელიც მათ ბრწყინვალე და უნიკალურ კარიერას ნამდვილად აკლია.
მუნდიალი თავს უყრის სხვადასხვა ეროვნებისა და სხვადასხვა თაობის ადამიანებს - თითქოს ერთი თვის განმავლობაში ირგვლივ ყველაფერი ჩერდება, ჩერდება დროც და მთელი სამყაროს ვექტორი ერთადერთი მოვლენისკენაა მიმართული. ახლაც ასე იქნება, მერე რა, რომ არც ზაფხულია და ახალი წლის წინა დღეებში მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებით ტკბობაც სრული სიახლეა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 ნაკრები ითამაშებს (სხვათა შორის ბოლოჯერ, რადგან მომდევნო მუნდიალზე 48 გუნდი იქნება) და როგორც ყოველთვის, ახლაც პლანეტის ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო შეჯიბრს რამდენიმე ფავორიტი ჰყავს - 5-გზის ჩემპიონი ბრაზილია, რომელიც ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონი 20 წლის გახდა, ლიონელ მესის და ბრწყინვალე ფორმაში მყოფი არგენტინა, რომელსაც უკვე 3 წელიწადზე მეტია თამაში არ წაუგია, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ინგლისი, რომელსაც ნანატრი ტიტულის მოგების დიდი მოტივაცია ექნება, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები, რომელსაც ტრავმების მიუხედავად, მაინც უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს, კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალია, ესპანეთი, გერმანია და ოქროს თაობით თავმომწონე ბელგია.
თუ ისტორიას გადავხედავთ, მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველთვის გამოირჩევა უსიამოვნო თუ სასიამოვნო სიურპრიზებით და ახლაც უნდა ველოდოთ ისეთი გუნდის აფეთქებას, რომელიც შესაძლოა ტურნირის წინ ფავორიტთა სიაში არ შედიოდეს. როგორც თითქმის ყოველთვის, ამ მსოფლიოს ჩემპიონატსაც აკლია დიდი გუნდი - ამჯერად იტალია, ისე, როგორც 4 წლის წინ რუსეთში. "სკუადრა აძურა" მუნდიალზე ევროპის ჩემპიონის სტატუსით ვერ გავიდა და ცხადია, აპენინელთა არყოფნა პლანეტის უდიდეს პირველობას თავის ხიბლს უკარგავს. თუმცა, ფაქტია, რობერტო მანჩინის გუნდმა, რომელმაც წელიწადნახევრის წინ ევროპის ჩემპიონატი შესანიშნავ სტილში მოიგო, საკვალიფიკაციო ეტაპი ჩააგდო.
კრიშტიანუსა და მესის გარდა, ეს მსოფლიოს ჩემპიონატი მეხუთე იქნება ორი მექსიკელი ფეხბურთელისთვისაც - ანდრეს გუარდადოსა და გილერმო ოჩოასთვის. ეს ოთხი მოთამაშე მუნდიალზე ყველაზე დიდი გამოცდილებით მოიწონებს თავს.
დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატი უარყოფითი კუთხითაც გამორჩეულია - ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გამოაკლდა საფეხბურთო ზეიმს. ბოლო კარიმ ბენზემაა, „ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი. ზოგადად, საფრანგეთის ნაკრებს სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი დანაკლისი აქვს და ბენზემას გარდა, ნგოლო კანტე, პოლ პოგბა, პრისნელ კიმპემბე და კრისტოფერ ნკუნკუ. მეტ-ნაკლები დანაკლისი აქვთ სხვა გუნდებსაც. ტრავმების გამო მუნდიალს ფეხბურთელები სხვა დროსაც დაკლებიან, მაგრამ ახლა ამას მაინც აქვს გამომწვევი მიზეზი - მჭიდრო კალენდარი და სეზონის შუაში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატი.
ზოგადად, ეს სიახლეა და ცალკე ინტრიგა ამაშიცაა - ვის წაადგება და ვინ გამოიყენებს ყველაზე მეტად ამ ფაქტორს. სულ რაღაც ერთი კვირის წინ ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში ემზადებოდნენ და თამაშობდნენ, სანაკრებო შეკრება კი ცოტა ხნის წინ დაიწყეს და მუნდიალის წინ გუნდების უმეტესობამ მხოლოდ ერთი სპარინგი ჩაატარა.
ამრიგად, ბევრი სიახლის ფონზე მუნდიალი იწყება.
ისტორიაში 22-ე მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბერს, მასპინძელი კატარისა და ეკვადორის მატჩით გაიხსნება, ახალი მსოფლიოს ჩემპიონი კი, რომელიც 4 წლით ატარებს დიდების გვირგვინს, 18 დეკემბერს გამოვლინდება.
ყველაფერი ერთ დროსა და სივრცეში მოექცევა. და, მიუხედავად ყველაფრისა, ყველანაირი მითქმა-მოთქმისა, ერთთვიანი საფეხბურთო დღესასწაული იწყება...