რაგბი

0:37 | 20.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მედიის გამოხმაურება: "საქართველომ კარდიფში გამარჯვებით რაგბის სამყარო შოკში ჩააგდო"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - კარდიფში უელსი 13:12 დაამარცხა. ცხადია, ამ გამარჯვებას დიდი გამოეხმაურება მოჰყვა უცხოურ მედიაშიც, სადაც წერენ, რომ საქართველოს გამარჯვებამ რაგბის სამყაროში შოკი გამოიწვია.

„საქართველომ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შოკური გამარჯვება მოიპოვა. „ბორჯღალოსნებმა“ წელს დიდი პროგრესი აჩვენეს, ივლისში იტალია დაამარცხეს, გასულ უიქ-ენდზე კი სამოას დამარცხებასთანაც ახლოს იყვნენ. საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა“, - წერს planetrugby.

„საქართველომ კარდიფში სავალალო უელსის წინააღმდეგ თავის ისტორიაში შოკისმომგვრელი თამაში მოიგო. „ბორჯღალოსნებმა“ ზაფხულში იტალია დაამარცხეს, მაგრამ ეს გამარჯვება კიდევ უფრო გააძლიერებს მოწოდებებს ექვს ერში მათ შეყვანაზე“, - წერს BBC-ი.

„ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში იყო უელსის ნაკრების ისტორიაში. საქართველომ ბოლომდე იბრძოლა და „ბორჯღალოსნების“ ექვს ერში შეყვანის მოწოდებები კიდევ უფრო გაძლიერდება“, - წერს Telegraph-ი.

„საქართველოს გამარჯვებამ რაგბიში სეისმური შოკი მოახდინა. უეინ პივაკს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს საქართველოსთან დამამცირებელი საშინაო მარცხის შემდეგ. უელსმა მსოფლიო თასამდე 10 თვით ადრე ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მარცხი განიცადა, როგორც მანამდე იტალიასთან მიმდინარე წელს, რუმინეთთან (1988), კანადასა (1993) და სამოასთან (2012)“, - წერს Guardian-ი.

„საქართველომ კარდიფში უელსთან გამარჯვებით რაგბის სამყარო შოკში ჩააგდო. მომდევნო წელს ეს გუნდები მსოფლიო თასზეც კვლავ ერთმანეთს შეხვდებიან და საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ შეეშინდება“, - წერს Rugbypass-ი.

შეგახსენებთ, ნოემბრის ტესტების ეგიდით საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი და უელსი დაამარცხა, ხოლო სამოასთან მარცხი განიცადა. ვთქვათ ისიც, რომ საქართველო უელსს მეოთხედ შეხვდა და სამი წაგების შემდეგ პირველად დაამარცხა.

სხვათა შორის, უელსს „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე, 7 ოქტომბერსაც შეხვდებიან, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში. ამრიგად, 2022 წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ორი დასამახსოვრებელი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - ჯერ იტალიას აჯობა და ახლა უელსს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111823