ჩოგბურთი

0:34 | 20.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ATP-ს ფინალის ტიტულისთვის იბრძოლებს

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ს ფინალის ნახევარფინალურ შეხვედრაში, ამერიკელი ტეილორ ფრიცი 7-6(5), 7-6(6) დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, ნორვეგიელ კასპერ რუუდსა და რუს ანდრეი რუბლევს შორის გამარჯვებული იქნება. ჯოკოვიჩს ეს ტურნირი ხუთჯერ აქვს მოგებული. ერთიც და ის როჯერ ფედერერის რეკორდს გაიმეორებს.

მოგების მიუხედავად, ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ეს მისთვის საუკეთესო დღე არ იყო. და შეხვედრის განმავლობაში, „გადარჩენისთვის ბრძოლა“ უწევდა. ფაქტია, რომ ორივე სეტის მოსაგებად, მას ტაიბრეიკი დასჭირდა.

„დღეს რეაქცია არ მივარგოდა. თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. გუშინდელი მძიმე თამაშის შემდეგ ვიცოდი, რომ იოლი თამაში არ მელოდა. გარკვეული დრო დამჭირდა იმისთვის, რომ რიტმი მეპოვნა. ფრიცი ერთ-ერთი საუკეთესო მომწოდებელია და მის წინააღმდეგ თამაში იოლი არ არის“, - განაცხადა 35 წლის სერბმა, ვისაც მოსაგებად, საათი და 54 წუთი დასჭირდა.

ტურინში მიმდინარე ტურნირის ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ჯოკოვიჩი რეკორდულად დიდ საპრიზო თანხას - 4 740 300 დოლარს მიიღებს.

0.119828