რაგბი

0:17 | 20.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯიის შტატის გუნდის განცხადება: "ვაფასებთ მოლოცვებს, თუმცა უელსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებამ უელსის წინააღმდეგ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, მაგრამ ისეთი გულშემატკივრებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც საქართველო ამერიკის შტატ ჯორჯიაში შეეშალათ და უელსის დამარცხება ჯორჯიის შტატის სამოყვარულო რაგბის გუნდს მიულოცეს.

ამასთან დაკავშირებით, ჯორჯიელებმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს და განმარტეს, რომ მათ უელსი არ დაუმარცხებიათ.

„მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებთ თქვენს მოლოცვებს, უნდა აღინიშნოს, რომ ჯორჯიის შტატის რაგბის გუნდს (აშშ) უელსი არ დაუმარცხებია, მაგრამ მადლობა. ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნოემბრის ტესტების ეგიდით საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი და უელსი დაამარცხა, ხოლო სამოასთან მარცხი განიცადა. ვთქვათ ისიც, რომ საქართველო უელსს მეოთხედ შეხვდა და სამი წაგების შემდეგ პირველად დაამარცხა.

სხვათა შორის, უელსს „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე, 7 ოქტომბერსაც შეხვდებიან, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში. ამრიგად, 2022 წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ორი დასამახსოვრებელი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - ჯერ იტალიას აჯობა და ახლა უელსს!

0.120593