რაგბი

21:59 | 19.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ქართველები ასეთები ვართ - ყოველთვის შემდეგ ნაბიჯზე ვფიქრობთ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა უელსთან გამარჯვების (13:12) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ისტორია კიდევ ერთხელ დაწერეს და მოთამაშეებს მადლობა გადაუხადა.

„ლაპარაკიც ზედმეტია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თამაში, პირველ რიგში ჩვენთვის, საკუთარი თავის რწმენისთვის. ასეთები ვართ ქართველები - რასაც მივაღწევთ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ის აღარ გვაკმაყოფილებს და შემდეგ ნაბიჯზე ვფიქრობთ. პირველივე დღეს, როცა შევიკრიბეთ, ბიჭებს ვუთხარი: „ეს თამასა თქვენ აწიეთ მაღლა და ახლა იფიქრეთ იმაზე, რომ კიდევ უფრო მაღლა აწიოთ“.

როგორც ყოველთვის, გეგმა გვქონდა: ასეთ გუნდებს ახასიათებთ, რომ თავიდანვე მოახდინონ ეფექტი და ძალიან მარგად დაგარტყან, რითაც ხშირ შემთხვევაში შედეგს აღწევენ. ჩვენი გეგმაც ის იყო, რომ პირიქით ჩვენ გაგვეკეთებინა ეს და ნამდვილად მოვახერხეთ, რადგან პირველი ქულებიც ჩვენ ავიღეთ და ლელოს გატანის შანსიც გვქონდა. თუმცა შემდეგ რამდენიმე შეცდომის მერე მდევრის როლში აღმოვჩნდით, მაგრამ ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იყო თამაშის გეგმის რწმენა, გვქონდა პატარა შეცდომებიც, თუმცა მთლიანობაში ჩვენთვის სასიკეთოდ წარიმართა ვითარება. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, რადგან ეს მცირე ჩამორჩენა იყო შანსი, რომ ჩვენს მომენტს დავლოდებოდით და ეს კარგად გამოვიყენეთ. შეცვლაზე შესულმა ბიჭებმა თამაშში დიდი ძალა შეიტანეს, დავჩაგრეთ მეტოქე ბევრ კომპონენტში, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ ასეთი დონის გუნდი როდესაც ვერ გამარცხებს, ბოლოს უფრო მეტ შეცდომას უშვებს და შენზე მეტად ნერვიულობს. მოვახერხეთ, რომ სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა და საბოლოო ჯამში, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში და ალბათ, ისტორია კიდევ ერთხელ დავწერეთ.

ეს გამარჯვება ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს. არა რაგბისთვის, გუნდისთვის, არამედ ქვეყნისთვის. კარდიფში უელსელებთან გამარჯვება ადვილი არ არის. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ასეთი მაგალითები გვჭირდება“, - თქვა მაისაშვილმა.

პრესკონფერენცია კომენტარი ასევე გააკეთა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ:

„პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა და ვაფასებთ იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც სამოასთან წაგების მერე სწორი ანალიზი გააკეთეს. მართლაც იყო ის ფაქტორები, რამაც განაპირობა სამოასთან წაგება, თავისთავად შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა, მაგრამ დავმარცხდით და დიდი მადლობა იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც ერთი წამით უკან არ დაიხიეს და ჩვენს გვერდში იყვნენ“.

შეგახსენებთ, ნოემბრის ტესტების ეგიდით საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი და უელსი დაამარცხა, ხოლო სამოასთან მარცხი განიცადა. ვთქვათ ისიც, რომ საქართველო უელსს მეოთხედ შეხვდა და სამი წაგების შემდეგ პირველად დაამარცხა.

სხვათა შორის, უელსს „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე, 7 ოქტომბერსაც შეხვდებიან, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში. ამრიგად, 2022 წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ორი დასამახსოვრებელი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - ჯერ იტალიას აჯობა და ახლა უელსს!

0.118617