რაგბი

19:49 | 19.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძე: "თავიდანვე გვჯეროდა, რომ გამარჯვება შეგვეძლო და ძალიან ბედნიერები ვართ"

საქართველოს ნაკრების მორაგბემა ვასილ ლობჟანიძემ უელსთან ისტორიული გამარჯვების (13:12) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან ამაყი და ბედნიერია.

„ძალიან ამაყი ვარ. მიხარია ქართველი ხალხის გამო, იმ გულშემატკივრებიც გამო, რომლებიც აქ, სტადიონზე მოვიდნენ. ყველას გვჯეროდა, რომ გამარჯვება შეგვეძლო, თამაშის სტარტიდან ბოლომდე ეს გრძნობა იყო. ისტორია დავწერეთ და ძალიან ბედნიერები ვართ, იტალიის შემდეგ ელიტარული გუნდებიდან უელსიც დავამარცხეთ“, - აღნიშნა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, ნოემბრის ტესტების ეგიდით საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი და უელსი დაამარცხა, ხოლო სამოასთან მარცხი განიცადა. ვთქვათ ისიც, რომ საქართველო უელსს მეოთხედ შეხვდა და სამი წაგების შემდეგ პირველად დაამარცხა.

სხვათა შორის, უელსს „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე, 7 ოქტომბერსაც შეხვდებიან, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში. ამრიგად, 2022 წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ორი დასამახსოვრებელი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - ჯერ იტალიას აჯობა და ახლა უელსს!

0.11296