ბლოგი

12:33 | 19.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვის დააზარალებს ყატარის ქვიშასავით „მშრალი კანონი“

ვინც თავის დროზე ფიფა-ში გადაწყვიტა, რომ მუნდიალის ჩატარების უფლება ჯერ ტერორისტული სახელმწიფო რუსეთისთვის და შემდეგ ისლამური შეზღუდვებით გაჯერებული ყატარისთვის უნდა მიეცათ, ნეტა ახლა რა განწყობაზეა?

გასაგებია, რომ ამ სიგიჟეში მავანმა ბლომად ფული ჩაიჯიბა და ახლა შეიძლება დიდად არ დაგიდევთ მათი ნამოქმედარის რბილად რომ ვთქვათ უცნაურობას, მაგრამ ფეხბურთი მათაც ხომ უყვართ? დავიჯერო ცოტათი, სულ ცოტათი მიანც არ ქენჯნით სინდისი იმის გამო, რომ მუნდიალის ორგანიზატორებმა საბოლოოდ ჩამოიხსნეს უდაბნოს ცხელი ქვიშით ავსებული ნიღაბი და განაცხადეს, რომ პირველად მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში თამაშის დროს ალკოჰოლური სასმელების დალევა იკრძალება. აქამდე სად იყვნენ? აქამდე რატომ არ აცხადებდნენ ამას? როგორც ჩანს კარგად უწყოდნენ, ამ შეზღუდვის გამო მინიმუმ დიდი ბრიტანელი და სკანდინავიელი ქომაგების საუკუნო რისხვას დაიტეხდნენ თავს. ეს რისხვა მაინც არ ასცდებათ. აგერ ხართ თქვენ და აგერაა ყატარი.

ჩემპიონატის ორგანიზატორები შემდეგ ამაზეც არ შეჩერდნენ და ცნობილი გახდა, რომ ორივე სქესის ქომაგებს ყატარში ყოფნისას ეკრძალებათ შორტების ჩაცმა. ღმერთმა დასწყევლოს ის დღე, როდესაც ყატარელი შეიხი ბრაზილიელ ქომაგს გალიფე შარვლის ჩაცმას, თავზე თოკშემოჭერილი კუბოკრული ნაჭრის დამხობას და იასირ არაფატისებრად გამოწყობას აიძულებს.

მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ფეხბურთის ქომაგები ამ გიჟურ შეზღუდვებს უგულველყოფენ და არაა გამორიცხული, ყატარში ფეხბურთის გარდა დიდი გაწამაწია და შეხლა-შემოხლაც ვნახოთ. აბა რა გგონიათ, მაგალითად უელსელი ქომაგები ასე ულუდოდ გაჩერდებიან და საძაგელი ქიმიური ფხვნილით გაძეძგილი ჩილიმის ქაჩვით შეიქცევენ თავს? მეტი არაა ჩემი მტერი...

ფიფას ბობოლები კი ამტკიცებენ, ყატარში ქუჩაში ლუდის სმა რაკი არ შეიძლება, გამოიყოფა ადგილები, სადაც ქომაგებს გარკვეული რაოდენობით ლუდის დალევის უფლება მიეცემათო. მაგრამ ჯერ არაა გარკვეული, რას ნიშნავს ეს „გარკვეული რაოდენობა“ და ვერც ის წარმომიდგენია, გამარჯვებით გახარებული მავანი შვედი ოლაფ სვენსონი და ინგლისელი იან რაშფორდი მშვიდად როგორ მიაბიჯებენ ქუჩაში და ხელში ნახევრად თბილი ატმის კომპოტები უჭირავთ.

რა თქმა უნდა ფეხბურთი მეტია ვიდრე ლუდის მოყვარული რიგითი ქომაგი და ყველა რელიგიურ თუ ეთნიკურ-კულტუროლოგიურ ტრადიციას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ როდესაც მსოფლიო სპორტის უმთავრესი მოვლენის - საფეხბურთო მუნდიალის ჩატარების ამბიცია გაქვს, გინდა მთელს მსოფლიოს დაანახო რომ ჩემპიონატის კარგად გამართვა არაბულ სამყაროშიცაა შესაძლებელი, რატომ უნდა აიძულო სრულიად პლანეტის ქომაგობა მართლმორწმუნე მუსლიმებივით მოიქცნენ? თუ ვერ ცდები შენი რელიგიის თუ რელიგიური ლიდერების მიერ დაწესებულ ჩარჩოებს, სხვას რას ერჩი? სხვას რატომ არა აქვს უფლება ისე გაიხაროს და ისე მოილხინოს, როგორც აქამდე მის მამა-პაპას გაუხარია სხვადასხვა დროს ჩვენი დედამიწის მრავალ კუთხეში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატებზე? რატომ არის ვალდებული მაგალითად არგენტინელი ათეისტი და იაპონელი აგნოსტიკოსი, (რომლებმაც სამსოფლიოსჩემპიონატე ფული დიდი ხანი აგროვეს) მუნდიალს ისე უყურონ, როგორც მავანთა რელიგიური შეზღუდვები ითვალისწინებს?

ვთქვათ მაქვს ბარი, სადაც მინდა მოვიწვიო და დავაკვრევინო ცნობილ მუსიკოსს, რომელსაც კონცერტებზე ფანები მთელი მსოფლიოდან დაჰყვებიან. ჯერ საქვეყნოდ ვამბობ, რომ ჩემს ბარში ამ და ამ ლეგენდას ვიწვევ, მერე მამასისხლად ვყიდი ბილეთებს, რომელსაც ჯავშნიან აფრიკიდან-სამხრეთ ამერიკამდე და ევროპიდან ციმბირის ბოლომდე მცხოვრები ადამიანები. როდესაც კონცერტი მოახლოვდება, ვამბობ, რომ ჩემს ბარში კონცერტის დროს არც ალკოჰოლის დალევა შეიძლება, არც სიგარეტის მოწევა და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მოვიდეს. ვიქნები მართალი? ხომ ვიქნები ღირსი, რომ სტუმრებმა მაგრად ამკენწლონ? ჰოდა, ზუსტად „აკენწვლის“, დამუშავების, მკერდზე მიღების და რაც შეიძლება შორს გატყორცნის ღირსია ფიფა და ყატარის მუნდიალის ორგანიზატორები.

ხვალ მუნდიალი იწყება. ასე ნანატრი მუნდიალი და ჩვენ მცხუნვარე ქვიშაზე, ქვიშასავით მშრალ კანონზე და შეზღუდვებზე ვლაპარაკობთ. საქმეა ეს?...

0.136338