საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე, რომელიც ზაფხულიდან მოყოლებული უგუნდოდ იყო, იტალიურ „რეჯანაში“ გადავიდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
რეჯიო ემილიელთა რიგებში ბურჯანაძე რამდენიმე დღე ვარჯიშობდა და მას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაუფორმეს, მაგრამ კლუბი უახლოესი ორი თვის განმავლობაში კალათბურთელის გუნდიდან გაშვების ოფციას იტოვებს.
„ჩვენ ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელსაც დიდი საკალათბურთო ინტელექტი აქვს. ფიზიკურად, ჯერ არ არის იდეალურ კონდიციაში, რადგან ევრობასკეტის შემდეგ რამდენიმე თვე უგუნდოდ იყო, მაგრამ მენტალურად ძლიერი ბიჭია, რომელიც გუნდს კარგად შეერწყა“, - თქვა იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფილიპო ბაროციმ.
„მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს ამ შესაძლებლობისთვის. რამდენიმე დღეა აქ ვარ, მაგრამ მგონია, რომ რეჯიო ემილიაში წლები გავატარე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კლუბს გამარჯვებაში დავეხმარო. მანუჩარ მარკოიშვილს ველაპარაკე, რომლის სიტყვები კლუბისა და ქალაქის შესახებ ჩემთვის დამატებითი ბიძგი იყო. ვცდილობ გუნდური მოთამაშე ვიყო, რომელიც თანაგუნდელებს ყველაფერში დაეხმარება“, - თქვა ბურჯანაძემ.
„რეჯანა“ იტალიის სერია A-ში 2 მოგებით და 4 წაგებით მე-11 ადგილზეა, ბოლო ტურში კი თორნიკე შენგელიას „ვირტუსთან“ დამარცხდა. რეჯიო ემილიელები უახლოეს მატჩს „ვერონასთან“ ჩაატარებენ და ბურჯანაძეს მასში მონაწილეობა შეეძლება. აღსანიშნავია, რომ "რეჯანა" სერია A-ს გარდა, ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს. აქვე გეტყვით, რომ „რეჯანაში“ თავის დროზე მანუჩარ მარკოიშვილი თამაშობდა.