ფეხბურთი

0:56 | 18.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაროკოს ნაკრების მწვრთნელი: "ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო, მუნდიალზე დონე უფრო მაღალია"

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ საქართველოსთან ნაკრების მატჩის შემდეგ (3:0) კომენტარი გააკეთა. მას ჩვენი ნაკრების შესახებ არ უსაუბრია და ძირითადად, საკუთარი გუნდის შესახებ ილაპარაკა.

როგორც რეგრაგიმ აღნიშნა, მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო მაღალი დონეა, მაგრამ ისინი თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებული არიან.

„მსგავს მატჩებში ტრავმების ყოველთვის გვეშინია, მაგრამ მთავარია გამარჯვება. ბევრმა მოთამაშემ, რომლებსაც სათამაშო დრო არ აქვთ, გარკვეული რიტმის პოვნის შესაძლებლობა მიიღეს. სიცხე იგრძნობოდა და ბოლოს დაღლილობაც დაგვეტყო. ეს ამხანაგური თამაში იყო, მაგრამ ვიცით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე დონე უფრო მაღალია.

კარგი ატმოსფეროა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ექვსი დღე კიდევ გვაქვს. კატარში ჩვენი გულშემატკივრების გასახარებლად მივდივართ, რადგან ვიცით, რომ მათთვის მსოფლიოს ჩემპიონატი მნიშვნელოვანია და მერვედფინალში ჩვენი გასვლა სურთ. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიასა და ბელგიასთან თამაში იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები ვიცით და საკუთარი თავის გვჯერა. ანას ზარური ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც გაუმჯობესება შეუძლია. ის შეიძლება მსოფლიოს ჩემპიონატზე დაგვჭირდეს, მაგრამ ჩვენ არა მხოლოდ მუნდიალზე, არამედ მომავალზეც ვფიქრობთ“, - განაცხადა რეგრაგიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების დაუმარცხებელი სერია შეწყდა, რომელიც სათავეს 2021 წლის ოქტომბრიდან იღებდა. მას შემდეგ ვილი სანიოლის გუნდმა 11 თამაშიდან 9 მოიგო და ორჯერ ფრე ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 2023 წლის 28 მარტს, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში შინ ნორვეგიის ნაკრებთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117747