ფეხბურთი

22:00 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სხვა თამაში კვარაცხელიას გარეშე: საქართველოს ნაკრების დაუმარცხებელი სერია შეწყდა

საქართველოს ნაკრების დაუმარცხებელი სერია შეწყდა. ვილი სანიოლის გუნდი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მაროკოს ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრა და 0:3 წააგო.

მაროკოელებმა ანგარიში მეხუთე წუთზე გახსნეს, როცა იუსუფ ენ ნესირმა ახლო მანძილიდან დალაშქრა გიორგი მამარდაშვილის კარი. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში გიორგიმ ურთულესი დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ვერაფერს გახდა. სანიოლის გუნდს ორი კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა, ხოლო 29-ე წუთზე მეორე გოლიც გაუშვა.

გურამ კაშიამ არაზუსტი პასი გააკეთა და ჰაკიმ ზიეშმა კარში დარტყმა მოედნის საკუთარი ნახევრიდან გადაწყვიტა - „ჩელსის“ შემტევი არც შემცდარა. მან კარიდან წინ გამოსული მამარდაშვილი შენიშნა და „ვალენსიას“ მეკარეს გოლი დაახლოებით 55 მეტრიდან გაუტანა. გიორგის ამ გოლში ბრალი მიუძღვის, მაგრამ სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მან არაერთხელ რთული დარტყმა მოიგერია და რომ არა ის, ალბათ მაროკოს ნაკრების უპირატესობა ანგარიშში უფრო დიდი იქნებოდა. აფრიკელებმა 72-ე წუთზე მესამეც გაიტანეს - ამჯერად სოფიან ბუფალმა პენალტი ზუსტად შეასრულა. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ გიორგი გოჩოლეიშვილსა და საბა საზონოვს. გურამ კაშიამ კი ნაკრებში 101-ე თამაში ჩაატარა, რითაც ჯაბა კანკავასა და ლევან კობიაშვილს გადაასწრო და საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდა.

საქართველოს ნაკრებს ბევრი ფეხბურთელი აკლდა - ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ხვიჩა კვარაცხელია. აშკარაა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კვარას გარეშე საქართველოს ნაკრები აბსოლუტურად სხვა გუნდია და კვარასთან ერთად - სხვა. ხვიჩა თანამედროვე ფეხბურთის ახალი ვარსკვლავია და ბუნებრივია, რომ საქართველოს ნაკრები მასზეა დამოკიდებული, თუმცა, არც ის ივარგებს, რომ მთლიანად ერთ ფეხბურთელზე იყოს „ჩამოკიდებული“. ეს კარგს არაფერს მოიტანს და სამწვრთნელო შტაბს ამაზე სამუშაო აქვს. კვარაცხელიას გარეშე შეტევაში არ იყო ფანტაზია, სისხარტე, იმპროვიზაცია - თითქმის საერთოდ არაფერი და ეს ცალსახად საგანგაშოა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრების დაუმარცხებელი სერია შეწყდა, რომელიც სათავეს 2021 წლის ოქტომბრიდან იღებდა. მას შემდეგ ვილი სანიოლის გუნდმა 11 თამაშიდან 9 მოიგო და ორჯერ ფრე ითამაშა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 2023 წლის 28 მარტს, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში შინ ნორვეგიის ნაკრებთან ჩაატარებს.

მაროკო - საქართველო 3:0 (2:0)

შარჯა, „ასტად ალ შარჯა“

მაროკო (4-3-3): ბონო; ჰაკიმი (მაზრაუი 46), აგერდი, საისი (ელ-იამიქი), ატიატ-ალალი; უნაი (ამრაბატი 46), ჟაბრანი, ამალა (შაირი 62); ზიეში, ენ ნესირი (ჰამდალა 46), ბუფალი

მწვრთნელი: ვალიდ რეგრაგი

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი; გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 78), აბურჯანია, წიტაიშვილი (შენგელია 35); კიტეიშვილი (ბერიძე 78), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62); ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 1:0 ენ ნესირი (5), 2:0 ზიეში (29), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მსაჯი: ადელ ალ ნაქბი

0.069288