„ნაპოლი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას 28 ნოემბრიდან ნეაპოლში დაიწყებს, ხოლო 1-13 დეკემბერს თურქეთში, კერძოდ ანტალიაში შეკრებას გაივლის.
Corriere Dello Sport-ი წერს, რომ ნეაპოლური გუნდი თურქეთში სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, სავარაუდოდ, ანდრეა პირლოს გაწვრთნილ „კარაგუმრუკთან“, „ფულჰემთან“ და „კრისტალ პალასთან“.
გარდა ამისა, ნეაპოლელები ორ ტესტ-მატჩს იტალიაშიც გეგმავენ - ერთს შინ და ერთს სტუმრად. მოსალოდნელია, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი „სტადიო მარადონაზე“ ამხანაგურ თამაშს „იუვე სტაბიასთან“ გამართავს.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს 41 ქულით და უახლოეს მდევართან 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ფრანკფურტის „აინტრახტს“ შეხვდება. იტალიის ჩემპიონატი კი 4 იანვარს განახლდება და ნეაპოლელები „სან სიროზე“ „ინტერს“ დაუპირისპირდებიან.





