ფეხბურთი

22:59 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ეს პირველად არ ხდება და ამ კომპონენტზე სამუშაო გვაქვს"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისრაელთან მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა, რაც ყველაზე მეტად საწყენია.

„ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. ჩემთვის ყველაზე საწყენი ისაა, რომ ძალიან კარგი და დალაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, განსაკუთრებით პირველი გოლის მერე ფსიქოლოგიურად მოვიშალეთ, არ სრულდებოდა წინასამატჩო დავალება, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო მიცემული და ამ კომპონენტზე ბევრი გვაქვს სამუშაო, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა.

აქვე, აუცილებლად გამოცდილების ფაქტორს ხაზი უნდა გაუსვა, რადგან დღეს ბევრი ახალწვეული გვყავდა და ეს ყველაფერი ალბათ ამითაც აიხსნება. ახლა სერიოზულად მოვემზადებით მეორე თამაშისთვის. ყველამ იცის, რომ გაძლიერების ძალიან დიდი რესურსი გვაქვს. მერწმუნეთ, რომ ჩვენი საერთო მიზანია ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული გამოსვლაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მესმის გულშემატკივრების, ზედიზედ მესამედ წავაგეთ, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, რომელიც მომდევნო ზაფხულს საქართველოში გაიმართება და რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქეები A ჯგუფში ნიდერლანდების, ბელგიისა და პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრები იქნება. აქვე გეტყვით, რომ საქართველო 21 ნოემბერს კიდევ ერთ სპარინგს უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116048