„პარმას“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ფაბიო და პაოლო კანავაროების აგენტმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "მხრებით მაცივარს ატარებს".
ფედელე თავდაპირველად კვარაცხელიას კრიტიკით გამოირჩეოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ქართველს ძალიან აქებს და ამბობს, რომ ის „ნაპოლის“ ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელია და მასთან ერთად "ნაპოლი" მოედანზე 12 ფეხბურთელითაა. რაც შეეხება „მხრებზე მაცივარს“, ეს ეპითეტია, რადგან ფედელე ფიქრობს, რომ ხვიჩა წელში მოხრილია და ამ კუთხით რამდენიმე ფეხბურთელს შეადარა.
„ადრე ვთქვი, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მხრებზე მაცივარი აქვს და აზრს არ შევიცვლი, რადგან ზუსტად ასეა. ეს პოზის საკითხია. ყველაზე დიდი მაცივარი მხრებზე თავის დროზე ჩირო ფერარას ჰქონდა, ხოლო ამ თვალსაზრისით ქართველი ახლა ანდრეა ბელოტის ჰგავს. გახსოვთ? ფაბიან რუისს დიდ აქლემს ვუწოდებდი მისი ნელი ტემპის და მომრგვალებული ზურგის გამო...
კვარა „ნაპოლის“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ტალანტია და ჩემპიონის შესაბამისი სტატისტიკა აქვს. მაცივარი, რომელსაც ატარებს, სავსეა თუ ცარიელი? სავსე დრიბლინგებით, ასევე გოლებით და პასებით“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.