სანამ ტაისონ ფიური მასთან შეხვედრის ნაცვლად, ადრე ორჯერ ნაცემ მეტოქესთან ბრძოლისთვის ემზადება, ოლკსანდრ უსიკი თავისი ტიტულებიდან ერთის, IBF-ის დასაცავად, ხორვატ ფილიპ ჰრგოვიჩს შეხვდება.
35 წლის უკრაინელი მძიმე წონაში WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ტიტულებს ფლობს, რომლებიც ბრიტანელ ენტონი ჯოშუას წაართვა და მისგანვე დაიცვა. მას ფიურისთან შეხვედრა და მისი WBC-ს ტიტულის ჩამორთმევაც სურს. თუ ეს შეძლო, ყველა პრესტიჟული გაერთიანების ჩემპიონი (ჩემპიონთა ჩემპიონი, აბსოლუტური ჩემპიონი) გახდება.
მაგრამ სანამ ფიურის დაითანხმებს, IBF-მა ჰრგოვიჩთან სავალდებულო ბრძოლაში გაიწვია. ხორვატს პროფესიონალურ რინგზე სულ 15 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა მოიგო.
„ამ ეტაპზე, ეს შეხვედრა ხელს არ შეგვიშლის იმაში, რომ აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. ვფიქრობ, მომდევნო ბრძოლა სწორედ ტიტულების გამაერთიანებელი იქნება და დიდი ალბათობით, ის ახლო აღმოსავლეთში გაიმართება“, - ამბობს უსიკის პრომოუტერი ალექსანდერ კრასიუკი.
34 წლის ფიური 3 დეკემბერს თავის თანამემამულე დერეკ ჩისორას დაუპირისპირდება, ვინც 2011 და 2014 წლებში ჰყავს დამარცხებული.