ფეხბურთი

20:59 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი პროგრესირებს, რაც ძალიან მისასალმებელია"

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას მაროკოს ნაკრებთან ჩაატარებს. აღნიშნული თამაშის წინ ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და დებიუტანტმა გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრეს.

ორივე ფეხბურთელის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ მოსაგებად და წლის დადებითად დასასრულებლად.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "ნაყოფიერი წელი გვქონდა, რადგან დასახულ მიზანს მივაღწიეთ, გულშემატკივარი კმაყოფილია. მიხარია, რომ ასეთი გარემო არის ქვეყანაში და ასეთი შედეგები გვაქვს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი პროგრესირებს, რაც ძალიან მისასალმებელია. საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გველის, რომელშიც ბევრ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. გვსურს, წელი გამარჯვებით დავასრულოთ, თუმცა რთული თამაში იქნება. განსხვავებული კლიმატია, ბევრი ახალწვეული გვყავს და უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ, რომ წელი კარგად დავასრულოთ".

გიორგი გოჩოლეიშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველი შეკრებაა, რაც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა თანაგუნდელები მეხმარებიან და მადლობა მათ. ვარჯიშებზე ყველაფერი კარგად მიდის. ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე ქალაქ შარჯაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ თამაშს ერთწლიანი და 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება, რომლის ფარგლებში ვილი სანიოლის გუნდმა 9 მატჩი მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა.

0.135869