ფეხბურთი

20:30 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ჩემი გუნდისგან იგივე შემართებას და დისციპლინას ველი, როგორც ეს გასულ მატჩებში იყო"

საქართველოს ნაკრები მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში შეხვედრის წინ ბოლო ვარჯიში გამართა.

საწვრთნელ პროცესში გიორგი ჩაკვეტაძეს მონაწილეობა არ მიუღია, რომელიც გუნდთან ერთადაა, მაგრამ ტრავმა აქვს და ხვალინდელ თამაშს გამოტოვებს. მოგეხსენებათ, ტრავმის გამო ნაკრებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელია საერთოდ არ იმყოფება. მაროკოსთან ტესტმატჩის წინ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.

"ამხანაგურ მატჩს, როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელებით ხვდები, ეს შესაძლებლობას გაძლევს ახალი მოთამაშეები გამოსცადო. ამჯერად ჩვენთან იმყოფებიან გოჩოლეიშვილი და საზონოვი. ახალი ფეხბურთელების დამატება ყოველთვის კარგია, რადგან მათ სიახლე შემოაქვთ გუნდში.

ეროვნული ნაკრების თითოეული თამაში მნიშვნელოვანია, მათ შორის ამხანაგური შეხვედრები. ჩემი გუნდისგან იგივე შემართებას და დისციპლინას ველი, როგორც ეს გასულ შეხვედრებში იყო. კარგი იქნება, საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე წლის კარგი მატჩით დასრულება.

შესაძლოა, ცოტა უჩვეულო სიტუაციაში ვართ, რადგან თამაში ნეიტრალურ მოედანზეა და სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ, თუმცა ფეხბურთელები ბედნიერები არიან კიდევ ერთი შეხვედრით. ვეცდებით, რომ კარგი განწყობით გავიდეთ მოედანზე, გავახაროთ გულშემატკივრები და მოვემზადოთ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის", - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე ქალაქ შარჯაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ თამაშს ერთწლიანი და 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება, რომლის ფარგლებში ვილი სანიოლის გუნდმა 9 მატჩი მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124997