„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Area Napoli ავრცელებს.
წყაროს თანახმად, კრისტიანო ჯუნტოლი და აურელიო დე ლაურენტისი ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებაზე მუშაობენ და მასთან, როგორც კონტრაქტის გახანგრძლივებას, ისე ხელფასის გაზრდას აპირებენ. ამჟამად, ხვიჩას ხელფასი დაახლოებით სეზონში 1.4 მილიონი ევროა, მაგრამ მისი თამაშიდან და ევროპული გრანდების მიერ გამოჩენილი ინტერესიდან გამომდინარე, ხელფასის მნიშვნელოვნად მომატება იგეგმება, თუმცა ზუსტი ციფრი არ დასახელებულა. ამის მიზანი კი ფეხბურთელის შენარჩუნებაა, რადგან კვარას მიმართ ინტერესი იზრდება.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის განახლებაზე კომენტარი გუშინ კრისტიანო ჯუნტოლიმაც გააკეთა, რომელმაც ეს არ გამორიცხა და თქვა, რომ ხვიჩას აგენტებთან ამ საკითხზე სასაუბროდ საკმარისი დრო აქვთ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონის 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. მას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მოსალოდნელია, რომ 2028-წლამდე გახანგრძლივდება.